დანია ყურანის დაწვის აკრძალვას გეგმავს - იუსტიციის მინისტრი
დანიის მთავრობამ 25 აგვისტოს განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში ყურანის ასლების დაწვა არალეგალური გახდება. ამი ქვეყანა ცდილობს ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებთან დაძაბულობა განმუხტოს.
ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე დანიის იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა ისაუბრა.
"მთავრობა დააინიცირებს კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს რელიგიური თემისთვის მნიშვნელოვანი რელიგიური მნიშვნელობის საგნების არასწორად გამოყენებას. ამრიგად, წინადადება ითვალისწინებს დასჯას, მაგალითად, ყურანის, ბიბლიის ან თორის საჯარო დაწვისთვის." - თქვა მან.
ბოლო კვირების განმავლობაში, დანიასა და შვედეთში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როდესაც ყურანის ასლები დაწვეს ან დააზიანეს, რამაც აღშფოთება გამოიწვია ისლამურ ქვეყნებში, რომლებმაც სკანდინავიის მთავრობებისგან მსგავსი ფაქტების აღკვეთა მოითხოვეს.
შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა დროებითი კომისია შექმნას, რომელიც შეისწავლის ყურანის დაწვის აკრძალვის შესაძლებლობას, რამაც უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესება და ისლამურ სახელმწიფოებთან დაძაბულობა გამოიწვია.
ყურანის დაწვასთან დაკავშირებული ქმედებების ფონზე შვედეთმა სასაზღვრო კონტროლი და შიდა შემოწმება გააძლიერა, ასევე ტერორისტული საფრთხის დონე აამაღლა.