დარტყმა ჩონგარის ხიდზე - რას ცვლის და რით ემუქრება ეს რუსეთის არმიას
22 ივნისს განხორციელდა სარაკეტო დარტყმა ყირიმის ნახევარკუნძულისა და ქალაქ მელიტიპოლის დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდზე, რომელიც ჩონგარის სრუტეზე მდებარეობს.
სწორედ ამ ხიდზე გადის ოკუპირებული ნახევარკუნძულისა და ზაპორიჟიის საკვანძო ქალაქ, მელიტოპოლის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა. ძირითადად ამ გზით მარაგდება რუსეთის საოკუპაციო გარნიზონი უკრაინის სამხრეთში, მათ შორის ზაპორიჟიაში, სადაც უკრაინის არმია შეტევაშია.
საოკუპაციო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ხიდმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, რის შედეგადაც გარკვეულ მონაკვეთზე მოცულობითი ხვრელი წარმოიქმნა.
დარტყმის შედეგად ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, თუმცა ყირიმში მოხვედრა კვლავ შესაძლებელია პერეკოპის გადასასვლელით. დაზიანებული საავტომობილო ხიდის მახლობლად მდებარეობს სარკინიგზო გადასვლელიც, რომლის დაზიანების შესახებაც ცნობები გასულ კვირაში გავრცელდა. სარკინიგზო გადასასვლელის მდგომარეობა დადასტურებით უცნობია.
რა იცვლება რუსეთისთვის
ბევრი სამხედრო ექსპერტი პარალელს ავლებს გასული წლის შემოდგომასთან, როდესაც ხერსონის კამპანიის ფარგლებში უკრაინის არმიამ ანტონოვის ხიდის დაბომბვა დაიწყო. სწორედ ამ ხიდზე გადიოდა დნეპრის მარჯვენა მხარეს დაბანაკებული საოკუპაციო გარნიზონის მომარაგების მთავარი გზა.
ანტონოვის ხიდის მწყობრიდან გამოყვანას რამდენიმე კვირა დაჭირდა, თუმცა საბოლოოდ ЗСУ-მ შეძლო მოწინააღმდეგის ლოჯისტიკის დარღვევა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ზუსტი დარტყმების შედეგად ხერსონში განლაგებული რუსული ჯარები იზოლაციისა და ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რასაც საბოლოდ ქალაქიდან გასვლა ამჯობინეს.
როგორც ხერსონის შემთხვევაშიც ამჯერად ხიდზე დარტყმა ЗСУ-ს სახმელეთო ოპერაციების გააქტიურებას ემთხვევა, მაგრამ არის განსხვავებებიც.
ჩონგარის გადასვლელი ოკუპირებული ნახევარკუნძულის და დანარჩენი უკრაინის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მარშრუტია.
ერთი შეხედვით აღნიშნული მარშრუტის დაკარგვა არ არის კრიტიკული რუსეთისთვის - სამხედრო ტვირთების მოძრაობა პერეკოპი გადასასვლელით ჯერ კიდევ შესაძლებელია. გარდა ამისა მოქმედებს სახმელეთო კორიდორი როსტოვიდან დონეცკის ოლქის სამხრეთამდე. ასევე მოქმედებს საზღვაო მარშრუტი ბერდიანსკის პორტის გავლით.
ალტერნატიული მარშრუტების არსებობის მიუხედავად გააქტიურებული საომარი მოქმედებების დროს მკვეთრად იზრდება საბრძოლო მასალისა და ტყვია-წამლით მოწინავე დანაყოფების მომარაგების საჭიროება. ამ ვითარებაში ნებისმიერ ლოჯისტიკურ ჩავარდნას რუსეთისთვის შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ასე მაგალითად, ჯანკოის გავლით მარშრუტი რუსეთისთვის 150 კილომეტრით იწელება, რაც ჩონგარის გადასვლელთან შედარებით სამჯერ მეტია.
კვლავ შესაძლოა არსებობს სარკინიგზო ხაზი, მაგრამ ეს ხშირად არ არის ყველაზე მოსახერხებელი მარშრუტი - პირველ რიგში საჭიროა ამ სამხედრო ტვირთების გადმოტვირთვა და გადანაწილება ყველაზე პრობლემურ მონაკვეთებზე. ამგვარი წერტილები კი უკრაინის შეიარაღებული ძალების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის.
გარდა ამისა, საყურადღებოა ისიც, რომ ალტერნატიულ მარშრუტებსაც შესაძლოა სუსტი წერტილები ჰქონდეთ - მაგალითად როგორც სარკინიგზო მარშრუტი სივაშის სრუტეზე რამდენიმე ხიდია გადებული, მსგავსი ვითარებაა არმიანსკის მარშრუტზეც.