დონალდ ტუსკი: ნორდ სტრიმ 2 მერკელის ყველაზე დიდი შეცდომა იყო
ევროპული საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა გერმანიის კანცლერი - რომლის მმართველობა ბოლო დღეებს ითვლის - „ნორდ სტრიმ 2“ გაზსადენის გამო გააკრიტიკა.
„ევროკავშირის პერსპექტივიდან, ნორდ სტრიმ 2-ი ცუდი პროექტი აღმოჩნდა“, - განაცხადა პოლონელმა პოლიტიკოსმა.
ტუსკმა აღნიშნა ისიც, რომ მერკელმა გერმანული ბიზნეს-წრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.
„ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულება შემემცირებინა - მათ შორის ენერგოკავშირის შექმნის გზით“, - ამბობს ტუსკი.
„ნორდ სტრიმ 2-ი“ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ გერმანელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტის გარეშე მიწოდების საშუალებას მისცემს.
ახალი გაზსადენი ბალტიის ზღვაზე გადის და გვერდს უვლის პოლონეთს, ბელარუსს და უკრაინას.
კიევი „ნორდ სტრიმს“ კრემლის ხელში არსებულ „გეოპოლიტიკურ იარაღს უწოდებს“.
გაზსადენის მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც.
მერკელის „ბოლო სიტყვა“?
გასულ კვირას აშშ-მ გაზსადენის ერთ-ერთ ოპერატორ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. შეზღუდვები არ შეხებია „ნორდ სტრიმის“ მშენებლობაზე პასუხისმგებელ კომპანიას.
გამოცემა Axios-ის მოპოვებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობამ აშშ-ს კონგრესს სანქციების დაწესებისგან თავის შეკავება ურჩია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს „ტრანსატლანტიკურ ერთობას ძლიერ დააზარალებს“, - წერია დოკუმენტში.