ელჩების გაძევება - რუსეთი და ესტონეთი დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებენ
რუსეთის მთავრობამ ესტონეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო - მარკუს ლაიდრემ ესტონეთი 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს. გარდა ამისა, რუსეთის მთავრობამ თავისი ელჩია გაიწვია ლატვიიდანაც.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"საპასუხო ნაბიჯის სახით რუსეთმა გადაწყვიტა შეამციროს დიპლომატიური წარმომადგენლობა ორივე ქვეყანაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის დონემდე",- ნათქვამია განცხადებაში.
МИД-ის განცხადებაში მოყვანილია ტერმინები "ტოტალური რუსოფობია," "მტრობის კულტივირება" - ასეთი ქცევის მაგალითად კი ლავროვის უწყებაში მიიჩნევენ ესტონეთის მთავრობის მოთხოვნას, რომ რუსეთის ტალინში საელჩოს თანამშრომლების რაოდენობა შეემცირებინა.
ამ შინაარსის მოთხოვნით ესტონეთის მთავრობამ რუსეთს 11 იანვარს მიმართა - გადაწყვეტილების მიხედვით რუსეთის საელჩოში სულ 8 დიპლომატი და ადმინისტრაციული აპარატის 15 თანამშრომელი უნდა დარჩეს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამდენი ადამიანი მუშაობს ესტონეთის საელჩოში მოსკოვში.
რუსეთის გადაწყვეტილებას სარკისებურად უპასუხეს ესტონეთში და განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩმა ქვეყანა იმავე დროს უნდა დატოვოს რა დროსაც ესტონეთის ელჩი დატოვებს რუსეთის ტერიტორიას. გარდა ამისა დროებითი უფლებამოსილი პირის დონემდე შემცირდება დიპლომატიური წარმომადგენლობა.
ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერობების დონეს ამცირებს ლატვიას.
კონტექსტი
რუსეთსა და ბალტიისპირა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები უკრაინაში რუსეთის დანაშაულებრივი შეჭრის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა.
გასული წლის აგვისტოში ესტონეთის მთავრობამ უმეტესად ეთნიკური რუსებით დასახლებულ ნარვაში საბჭოთა ტანკის მონუმენტის დემონტაჟი მოახდინა. ლატვიასთან და ლიეტუვასთან ერთად ესტონეთმა საზღვარი ჩაკეტა რუსეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის შენგენის ვიზის მქონე რუსებისთვისაც.
უკვე ოქტომბერში ესტონეთს პარლამენტმა მიიღო რეზულუცია, რომელშიც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდაა მოხსენიებული.
სხვა დასავლურ სახელმწიფოებთან ერთად ესტონეთმა ცოტა ხნის წინ უკრაინის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი მიიღო, რომლის მოცულობაც 113 მილიონი ევროა. ესტონეთი უკრაინას მის განკარგულებაში არსებული 155 მილიმეტრიანი არტილერიის პარკს სრულად გადასცემს.
ამგვარად ესტონეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ღირებულება ჯამურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს გადააჭარბა, რაც მსოფლიოში ყველაზე მაჩვენებელია.