"Энергоатом": რუსები შესაძლოა ზაპოროჟიეს აესის დასატოვებლად ემზადებიან
უკრაინული კომპანია "Энергоатом"-ის ხელმძღვანელის, პეტრ კოტინის თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსული ჯარები ემზადებიან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასატოვებლად. მას "Украинская правда" ციტირებს.
კოტინის თქმით, ცოტა ხნის წინ "რუსულ პრესაში ბევრი პუბლიკაცია გამოჩნდა, რომ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური შესაძლოა დატოვონ და მისი კონტროლის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გადაეცეს". "Энергоатом"-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ რუსმა სამხედროებმა "ჩანთები ჩაალაგეს და მოიპარეს ყველაფერი, რაც იპოვეს".
ხუთი დღის წინ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტებმა 19-20 ნოემბრის დაბომბვის შემდეგ, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის შემოწმებისას არარადიოაქტიური გაჟონვა აღმოაჩინეს კონდენსატის შესანახი ავზების დაზიანების გამო.
IAEA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელექტროსადგურის მნიშვნელოვანი დაზიანების მიუხედავად, ბირთვული უსაფრთხოებისთვის უშუალო საფრთხე არ გამოვლენილა.
რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტში, უკრაინაში შეჭრიდან მალევე აიღეს. მას შემდეგ რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სადგურის დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულეს.
ბოლოს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია 19-20 ნოემბერს დაიბომბა. ეს თავდასხმები, IAEA-ს თქმით, ალბათ ყველაზე ძლიერი იყო ომის დაწყების შემდეგ. სააგენტოს სპეციალისტები ვერ ადგენენ, კონკრეტულად ვინ ბომბავს სადგურს.
IAEA რუსული ჯარებს მოუწოდებს, გავიდნენ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და მოხდეს მისი დემილიტარიზაცია.