ენტონი ბლინკენი ყაზახეთში იმყოფება, სადაც კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა, სადაც ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება.
ბლინკენის თვითმფრინავი ასტანაში შუაღამით ჩაფრინდა. ტოკაევის გარდა ბლინკენი თავის ყაზახ კოლეგასაც შეხვდება. სწორედ ყაზახეთიდან იწყება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ტური ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში.
ყაზახეთიდან ბლინკენი უზბეკეთში გაიმართება, ტურის ფარგლებში ბლინკენი ცენტრალური აზიის 5 სახელმწიფოს საგარეპ საქმეთა მინისტრს შეხვდება.
კონტექსტი
რუსეთთან ახლო ისტორიული კავშირებისა და რუსეთზე მრავალმხრივი დამოკიდებულების მიუხედავად უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა ომთან დაკავშირებით გამოკვეთილად ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს.
ამ თვალსაზრისით ყველაზე ხმაურიანი ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადება იყო - სანქტ-პეტერბუგის ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმირ პუტინის გვერდზე მჯდომმა ტოკაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთი არ განიხილავს დონბასის ე.წ. დონბასის რესპუბლიკების აღიარებას.
გასულ კვირას გაეროს სხდომაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნით შედგენილი რეზოლუციის კენჭისყრაზე ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა თავი შეიკავეს, ზოგი მათგანი კენჭისყრას არ დასწრებია.
ამავდროულად ცენტრალური აზიის არაერთი რესპუბლიკა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზად გადაიქცა.
"ჩვენ მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს შევთაზოთ არამხოლოდ ეკონომიკური თანამშრომლობა, არამედ ფასეულობებიც",- განაცხადა ბლინკენის მოადგილემ სამხრეთ და ცენტრალური აზიის საკითხებში ედვარდ ლიუმ.
2021 წლამდე ედვარდ ლიუ ყირგიზეთში აშშ-ს ელჩის პოსტს იკავებდა.