ერდოღანმა 10 დასავლური ქვეყნის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებით, 10 დასავლური სახელმწიფოს ელჩი პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადნენ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილების შესახებ ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, ესკისეჰირის მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოაცხადა:
"მე მივეცი შესაბამისი ბრძანება საგარეო საქმეთა მინისტრს და ვუთხარი რა უნდა გაკეთდეს: ამ ათი სახელმწიფოს ელჩი საბოლოოდ პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ ყველაფერი გასაგები იქნება."
არსებული ინფორმაციით საუბარია 10 ელჩზე, მათ შორის აშშ-ს, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, შვედეთის, დანიის, ნორვეგიის, ფინეთისა და ახალი ზელანდიის ელჩებზე.
თურქეთის პრეზიდენტსა და ამ ქვეყნების ელჩებს შორის დაძაბულობის საფუძველი, ამავე სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ სამოქალაქო აქტივისტისა და ფილანტროპის, ოსმან კავალას პატიმრობა გახდა.
გასულ კვირას ამ დასავლური სახელმწიფოების ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ამბობდნენ, რომ კავალას უფლებები დარღვეული იყო და თურქეთის მთავრობას საქმის სასწრაფო დასრულებისა და კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
მოგვიანებით, საპასუხო განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც დიპლომატების განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვება თუ არა ერდოღანის განცხადებას ამ სახელმწიფოების ელჩების თურქეთიდან გაწვევა.
ვინ არის ოსმან კავალა?
ოსმან კავალა ცნობილი ბიზნესმენი და ფილანთროპია, იგი წლების განმავლობაში დაკავებული იყო თურქეთში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით. კავალას სახელს უკავშირდებოდა ათობით საგანმანათლებლო პროექტი, ბიზნესმენი აფინანსებდა ხელოვნებასაც.
კავალა 2017 წელს დააპატიმრეს, თავდაპირველად მას ბრალად წაუყენეს 2013 წელს სტამბოლში, "გეზი პარკის" საპროტესტო აქციების დაფინანსება. მოგვიანებით ბრალდებას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაც დაემატა.
კავალა ბრალდებებს უარყოფს. თავად ერდოღანი კავალას ამერიკელი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის "თურქულ ფეხს" უწოდებს. ცოტა ხნის წინ კავალას საქმეზე განაჩენი გამოიტანა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომაც.
სასამართლომ დაასკვნა, რომ თურქეთის მთავრობამ დაარღვია კავალას ფუნდამენტური უფლებები და რომ მის დაპატიმრებას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები ედო. ევროპულმა სასამართლომ თურქეთს კავალას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობა ამ დრომდე უარის ამბობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კავალას საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროპის საბჭომაც, რომელშიც კვლავ კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებაზე იყო საუბარი.