ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტს აღიარებს
2024 წლის 1 იანვრიდან კოსოვოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში 90 დღის განმავლობაში, ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში, გადაადგილება და დარჩენა შეუძლიათ.
ევროკომისიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ კოსოვო შენგენის ზონაში თავისუფალი გადაადგელების მინიჭებისთვის, ყველა პირობას აკმაყოფილებდა, თუმცა, ევროპის კავშირის ზოგიერთი სახლმწიფო კოსოვოს ვიზალიბერალიზაციას მიგრაციის საფრთხიდან გამომდინარე მხარს არ უჭერდა.
ევროკომისიის მიგრაციისა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 5 იანვარს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 1 იანვრიდან ესპანეთი კოსოვოს მიერ გაცემულ პასპორტებს აღიარებს.
"ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ოფიციალურ აღიარებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას ამ დრომდე არ აღიარებს ევროპის კავშირის ხუთი სახელმწიფო - ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკეთი. დღემდე ესპანეთი იყო ევროპული გაერთიანების ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კოსოვოს მოქალაქეებს ქვეყანაში შეშვებაზე უარს ეუბნებოდა.