ესპანეთი: პრემიერმა მნიშვნელოვან კენჭისყრამდე სეპარატისტებთან შეთანხმებას მიაღწია
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, მნიშვნელოვან კენჭისყრაში გამარჯვებით თანამდებობაზე ყოფნის ვადა დროებით გაიხანგრძლივა.
დღეს, 17 აგვისტოს, ესპანეთის პარლამენტმა კენჭი უყარა პარლამენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ორგანოს კანდიდატურას.
რამდენადაც ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობა არც პრემიერ სანჩესის სოციალისტურ პარტიას და არც მემარჯვენე ოპოზიციონერებს აქვთ, კენჭისყრის ბედი კატალონიელმა სეპარატისტებმა გადაწყვიტეს.
პრემიერ-მინისტრმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტია ხუნტსთან შეთანხმებას ბოლო წამს მიაღწია. შედეგად, კატალონიელებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის ბიუროს პრეზიდენტად სოციალისტი კანდიდატის, ფრანჩინა არმენგოლის არჩევას.
ბიუროს საპარლამენტო საქმიანობაში საკვანძო როლი აქვს - ის ამტკიცებს საპარლამენტო ჯგუფების ჩამოყალიბებას, გასცემს საგამოძიებო კომისიების შექმნის ნებართვას და განსაზღვრავს საპარლამენტო დღის წესრიგს.
კომპრომისის ხელოვნება
თავდაპირველად, ხუნტსი სანჩესისთვის ნებისმიერი მხარდაჭერის სანაცვლოდ 2017 წლის რეფერენდუმისთვის სრულ ამნისტიასა და ახალი რეფერენდუმის ჩატარების ნებართვას ითხოვდა.
საბოლოოდ, დღევანდელ კენჭისყრაში ხუნტსის მხარდაჭერის სანაცვლოდ, მიიღებენ ახალ ზომებს ესპანეთის პარლამენტში კატალონიური ენის წინ წამოსაწევად და შექმნიან ახალ კომიტეტს, რომელიც კატალონიელი სეპარატისტების თვალთვალს გამოიძებს.
ხუნტსი განმარტავს, რომ შეთანხმება მხოლოდ პარლამენტის ბიუროს ხელმძღვანელის კენჭისყრას ეხებოდა და არა ახალი მთავრობის მხარდაჭერას.
პედრო სანჩესი სამშვიდობოს ჯერ არ გასულა - მომდევნო თვეში ახალი მთავრობის დამტკიცების კენჭისყრა გაიმართება. პრემიერ-მინისტრს სეპარატისტების მხადაჭერის მოპოვება ხელახლა მოუწევს, რაც ახალი დათმობების გარეშე შეუძლებელი იქნება.