ესპანეთის არჩევნები: მემარჯვენეები ლიდრობენ, მაგრამ უმრავლესობას ვერ ქმნიან

ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებმა პირველი ადგილი მოიპოვეს, თუმცა მემარჯვენე ცენტრისტულ სახალხო პარტიას და ულტრამემარჯვენე Vox-ს ჯამურად მანდატების უმრავლესობა არ გააჩნია.

ხმების თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, კონსერვატიული სახალხო პარტია, სავარაუდოდ, 136 მანდატს მოიპოვებს. მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის სოციალისტური მუშათა პარტიაა 122 მანდატით.

საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებისთვის 176 დეპუტატია საჭირო. კონსერვატორების შესაძლო პარტნიორმა პარტიამ, ულტრამემარჯვენე Vox-მა 33 საპარლამენტო ადგილი მიიღო და ჯამურად ორ პარტიას 172 მანდატი ექნება, რაც ხელისუფლებაში მოსვლისთვის საკმარისი არ არის.

"როგორც იმ პარტიის კანდიდატი, რომელმაც ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, მიმაჩნია, რომ ჩემი მოვალეობაა მთავრობის ფორმირება ვცადო," - თქვა სახალხო პარტიის ლიდრმა ალბერტო ფეიხომ.

სავარაუდოდ, პედრო სანჩესი ეცდება ულტრამემარცხენე პარტია Sumar-ის გარდა, ბასკურ, კატალონიურ, კანარის კუნძულების, გალისიის და ნავარის სეპარატისტულ და რეგიონალისტურ პარტიებს მოელაპარაკოს და გარკვეული დათმობების სანაცვლოდ, ახალი კოალციიის ჩამოყალიბება შეძლოს.

"ჩამორჩენილების ბლოკი, რომელიც ყველა იმ პროგრესის სრულ გაუქმებას გვპირდებოდა, რასაც ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, წარუმატებელი აღმოჩნდა," - განუცხდა პრემიერმა სანჩესმა მხარდამჭერებს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, აშკარა უპირატესობას მემარჯვენე პარტიებს ანიჭებდნენ. პრემიერი სანჩესი მოქალაქეებს Vox-ის ხელისუფლებაში მოსვლის საფრთხეზე ხშირად აფრთხილებდა, რადგან სწორედ ეს პარტია არის განსაკუთრებით რადიკალური სხვადასხვა ტიპის უმცირესობების და მიგრანტების მიმართ.

მეორე მხრივ, მემარჯვენე პარტიების მიერ სანჩესის კრიტიკის ძირითადი მიმართულება მის მიერ პარლამენტში კატალონიელ და ბასკ სეპარატისტებთან შეთანხმება იყო, რაც ესპანეთის სხვა რეგიონების მოსახლეობის ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. 

პრემიერი სანჩესი ყველანაირად ეცდება, რომ საქმე ახალ არჩევნებამდე არ მივიდეს, მაგრამ ამისთვის მას ბასკი და კატალონიელი სეპარატისტების მოთხოვნების შესრულება მოუწევს.

კატალონიელი სეპარატისტების ლიდერის, კარლეს პუჩდემონის პარტია Junts-ის წევრმა მირიამ ნუგერასმა განაცხადა, რომ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.

"ეს არის ცვლილების, ერთიანობის აღდგენის შესაძლებლობა, მაგრამ პედრო სანჩესს პრემიერად არაფრის სანაცვლოდ არ ვაქცევთ." -თქვა მან.

მსგავსი სიახლეები