ესპანეთის პრემიერი კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიას მხარს უჭერს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ამნისტიას იმ ადამიანებისთვის, რომლებიც 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის არალეგალურ რეფერენდუმში მონაწილეობდნენ.
ამ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
"ესპანეთის ინტერესებიდან გამომდინარე, ესპანელების თანაარსებობის დასაცავად, ბოლო ათწლეულის მოვლენებთან დაკავშირებით კატალონიაში ამნისტიას მხარს ვუჭერ," - თქვა სანჩესმა მადრიდში, სოციალისტური პარტიის ფედერალური კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, "ჩვენ უნდა დავძლიოთ ყველა ის ეპიზოდი, რამაც წარსულში გაგვყო," რათა წინ წავიწიოთ.
კატალონიელი სეპარატისტებისთვის პოტენციურმა ამნისტიამ ესპანეთის პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია. მემარჯვენე პარტიები დიდ საპროტესტო აქციებს მართავენ და სანჩესს კანონის უზენაესობის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ.
24 ოქტომბერს სანჩესის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ და ულტრამემარცხენე ბლოკმა სუმარმა ხელი მოაწერეს კოალიციურ შეთანხმებას, რომელიც 230 პუნქტს მოიცავს და ძირითადად სოციალურ და ფინანსურ საკითხებს ეხება - როგორიცაა ბანკების და მსხვილი ბიზნესის დაბერგვრა, საჯარო საცხოვრისების რაოდენობის გაზრდა და ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებით ანაზღაურებადი შვებულების გახანგრძლივება.
სანჩესს პრემიერად დამტკიცებისთვის პარლამენტის ქვედა პალატაში სუმარის 33 დეპუტატის, ასევე სხვა პარტიების მხარდაჭერა სჭირდება, მათ შორის დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიური და ბასკური ძალების.
თუ სოციალისტები და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიები შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, იანვარში ახალი არჩევნები ჩატარდება.
სანჩესის მიერ კატალონიელი სეპარატისტების ამინისტია, სწორედ მათი ხმების მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯია.