ესტონეთი €1.2 მილიარდის საბრძოლო მასალას შეიძენს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა 2024-2027 წლების განვითარების გეგმა დაამტკიცა, რომელიც ძალებისა და საშუალებების ფორმირების გარდა, სამედიცინო ცენტრის შექმნასაც ითვალისწინებს.
ამ ინფორმაციას ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო 16 ივლისს ავრცელებს.
"თავდაცვის სამინისტროს განვითარების ახალი გეგმა ორიენტირებულია სამხედრო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაზე." - ვკითხულობთ განცხადებაში
კერძოდ, იგეგმება საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემის შეძენა, ჰაერი-ჰაერი რაკეტების შესყიდვა, დაიწყება მანევრირებადი დანაყოფების მექანიზაცია და საბრძოლო მასალის მარაგის გაზრდა.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ესტონეთი 1.2 მილიარდი ევროს საბრძოლო მასალას შეიძენს.
ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციის გარდა, ანმარის საავიაციო ბაზაზე დამატებითი ყაზარმა და საბრძოლო მასალის ახალი საწყობები აშენდება. გეგმა ასევე ითვალისწინებს პიკერის საზღვაო ბაზის რეკონსტრუქციას.
"რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში ნათლად აჩვენებს, თუ რომელ სფეროებში გვჭირდება ინვესტიცია. თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდა ამის საშუალებას მოგვცემს," - თქვა ჰანო პევკურმა.
თავდაცვის სამინისტროს 2024-2027 წლების განვითარების გეგმა ეფუძნება 2031 წლამდე თავდაცვის ეროვნული განვითარების ათწლიან გეგმას და ნატოს რეკომენდაციებს.