საქართველოს პრეზიდენტი "რუსულ კანონს" საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს
დღეს, 15 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი პირველად შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში - სალომე ზურაბიშვილი ამ სარჩელით ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის გაუქმებას.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. სარჩელით, ასევე, გასაჩივრებულია კანონის მთელი რიგი ნორმები, რომლითაც ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ძირითადი უფლებები. პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს აღნიშნული კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას“ - განაცხადა მდივანმა.
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ის საკონსტიტუციო განხილვაში ჩართვას გეგმავს.
„სახალხო დამცველი აუცილებლად იქნება ამ პროცესში ჩართული. ჩვენ ვმუშაობთ იმ შესაძლებლობაზე, რა ფორმით მივიღებთ განხილვაში მონაწილეობას - ეს იქნება სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ფორმით თუ სხვა ფორმით. ჩვენი მოსაზრება კანონთან დაკავშირებით ცნობილია. ჩვენ მოვუწოდებდით, რომ არ მიღებულიყო ეს კანონი, მოვუწოდებდით, რომ მომხდარიყო ამ მიზნის მიღწევა სხვა კანონებში ცვლილებების შეტანით, თუმცა ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც იქნა“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კონტექსტი
მიუხედავად აშშ-ს, ევროპის ქვეყნებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებისა და რჩევებისა, არ მიეღო საქართველოს მთავრობას “აგენტების კანონო”, რომელიც მრავალმხრივი პროტესტების ფონზე მიმდინარეობდა, 14 მაისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მაინც მიიღო “რუსული კანონი”. დასავლელი პარტნიორები მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებსა და შეცვლილ რიტორიკას საპასუხო ნაბიჯებით უპასუხეს.
5 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან დაგეგმილი ყოველწლიური, მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები “ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი დროით გადადო.
9 ივლისს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ EU-მა, ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩარა. ჰერჩინსკიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიც შეჩერებულია.
10 ივლისს, გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა საკვირველად შეცვლილია და მათ მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო შეიცვალა ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი. გერმანიის ელჩის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოსთან მიმართებაში ახალ ფინანსურ ვალდებულებებს არ აიღებენ.