ესტონეთი გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციას გეგმავს

ესტონეთის მთავრობამ ხუთშაბათს განიხილა იუსტიციის და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ წარმოდგენილი მიმოხილვა ესტონეთში გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის მიზნით. ესტონეთის იუსტიციის მინისტრის ლეა დანილსონ-იარგის თქმით, ესტონეთი შესაძლოა ამ მიმართულებით კანადის მოდელს მიჰყვეს.

ამ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.

"ჩვენ დიდი ძალისხმევა გავწიეთ ამის გასავითარებლად და დღეს მთავრობის მითითება იყო, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს და ასევე წარმოვადგინოთ შესაბამისი კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობით", - აღნიშნა დანილსონ-იარგიმ. 

მინისტრის თქმით, უკრაინა უკვე ადგენს ომის ზარალის რეესტრს გასული წლის ნოემბერში მიღებული გაეროს რეზოლუციის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც რუსეთის მიერ მიყენებული ყველა ზიანი უნდა დარეგისტრირდეს და წარადგინოს მას კომპენსაციისთვის.

"იმ სიტუაციაში, როდესაც უკრაინა მომავალში წარუდგენს რუსეთს ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის სიას, რომლის შესრულებაზეც რუსეთი უარს იტყვის, უკრაინას თეორიულად შეუძლია დახმარება მოითხოვოს სხვა ქვეყნებისგან ან ევროკავშირისგან ამ მოთხოვნების შესრულებაში." - განმარტა მან.

"ასე რომ, ჩვენ აქ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ასეთი დახმარება შეიძლება დასჭირდეს უკრაინას. ჩვენ აუცილებლად უნდა ვიპოვოთ რაიმე სახის სამართლებრივი გადაწყვეტა სანქცირებული აქტივების ჩამორთმევის საკითხზე."

დანილსონ-იარგმა მაგალითად მოიყვანა კანადა, რომელმაც უკვე მიიღო რეგულაციები, რომლითაც, მშვიდობისა და უსაფრთხოების სერიოზული დარღვევის შემთხვევაში, მას შეუძლია ჩამოართვას დამრღვევ სახელმწიფოს და დარღვევასთან დაკავშირებულ პირებს აქტივები და გამოიყენოს ისინი ზიანის კომპენსაციისთვის.

"ეს გარკვეულწილად ჩვენთვისაც იქნება მაგალითი." - აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები