ესტონეთის დაზვერვა: ბალტიის ქვეყნებში რუსული სამხედრო საფრთხე იზრდება
ბალტიისპირეთის ქვეყნებზე რუსეთის სამხედრო ზეწოლის საფრთხე და ამ ქვეყნებისთვის უსაფრთხოების რისკები საშუალო და გრძელვადიან პერიოდში გაიზარდა. ამის შესახებ ნათქვამია ესტონეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 8 თებერვალს გამოქვეყნდა.
დაზვერვა მიიჩნევს, რომ 2023 წელს ესტონეთზე რუსეთის სამხედრო თავდასხმა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ესტონეთის საზღვართან განლაგებული რუსული არმიის ნაწილები უკრაინის ტერიტორიაზე იბრძვიან.
"ამავდროულად, რუსეთის საგარეო პოლიტიკურმა ამბიციებმა, რომლებიც განპირობებულია კრემლის იმპერიალიზმით, მნიშვნელოვნად გაზრდის უსაფრთხოების საფრთხე. თუ რუსეთი უკრაინაში დიპლომატიურ ან სამხედრო წარმატებას მიაღწევს, ეს გაზრდის კრემლის პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის რისკს ბალტიისპირეთის ქვეყნები 2020-იანი წლების შუა პერიოდში", - ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთის გეგმამ დასავლეთის საზღვრებთან ვადაზე ორი წლით ადრე გამართოს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, შესაძლოა წელს კიდევ უფრო გააუარესოს უსაფრთხოების ვითარება ბალტიის რეგიონში.
"რუსეთი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ნატოს ყველაზე დაუცველ ნაწილად მიიჩნევს, რაც მათ სამხედრო ზეწოლის ცენტრად აქცევს ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის შემთხვევაში. შესაბამისად, რუსეთი, სავარაუდოდ, პრიორიტეტს მიანიჭებს ესტონეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს თავისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენას, რომელიც დასუსტებულია უკრაინაში ომის გამო. ამ ნაწილების შესაძლებლობების რაოდენობრივ აღდგენას ოთხ წლამდე დასჭირდება. ბალტიისპირეთის ქვეყნების თვალსაზრისით, რუსეთს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი ძალები ჩვენს რეგიონში სერიოზული სამხედრო ზეწოლის განსახორციელებლად." - აღნიშნავს ესტონეთის დაზვერვა.
ამასთან დაკავშირებით დაზვერვა თვლის, რომ ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია ნატოს სამხედრო მზადყოფნის დემონსტრირება, რათა რუსეთმა არ სცადოს ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების შემოწმება.