ესტონეთმა უკრაინისთვის თავდაცვის ბიუჯეტის მესამედი დახარჯა

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა დასავლეთს მოუწოდა გაზარდოს სამხედრო დახმარება და უკრაინას დამატებითი იარაღი მიაწოდოს. ამის შესახებ მან 13 აპრილს კიევში უკრაინის, პოლონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები ცდილობდნენ დიპლომატიური მეთოდების გამოყენებას ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ამან არ იმუშავა და ახლა "თოფები საუბრობენ".

"მოვითხოვ დამატებითი იარაღით დახმარებას. ჩვენ უკვე დავხარჯეთ ჩვენი წლიური თავდაცვის ბიუჯეტის მესამედი: სამხედრო თვითმფრინავი, საჰაერო თავდაცვა, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებები და საარტილერიო სისტემები. ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ ხომალდსაწინააღმდეგო იარაღზეც და მივაწოდოთ მამაც უკრაინელ სამხედროებს", - განაცხადა კარისმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას აქვს უფლება იყოს თავისუფალი და ჰქონდეს ადგილი ევროპულ ოჯახში.

"სამწუხაროდ, გაირკვა, რომ რუსეთის მიზანია უკრაინისა და უკრაინელი ერის განადგურება. ჩვენ ქედს ვიხრით ყოველი გარდაცვლილის წინაშე, ყოველი დაკარგული სიცოცხლის წინაშე, მაგრამ ომი გრძელდება, შორს არის დასასრული", - დასძინა კარისმა.

 

მსგავსი სიახლეები