ეთიოპიის სამოქალაქო ომი: ტიგრაის გათავისუფლების ფრონტი უკან იხევს

 

ტიგრაის ხალხის განთავისუფლების ფრონტის (TPLF) ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაკავებული ტერიტორიების დატოვებას და ტიგრაის პროვინციაში დაბრუნებას აპირებენ.

„ამჰარას და აფარის რეგიონების დატოვება უკვე დავასრულეთ“, - განაცხადა TPLF-ის პრესსპიკერმა გეთაჩიუ რედამ.

ტიგრაის ძალებმა გაეროს ეთიოპიისთვის და მეზობელი ტერიტრეისთვის შეიარაღებაზე ემბარგოს დაწესების და ტიგრაის პროვინციაზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისკენ მოუწოდეს.

ეთიოპიაში ვითარების განმუხტვის მცდელობას მიესალმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - ეს „დიპლომატიას გაუხსნის გზას“, - განაცხადა ბლინკენმა.

კონფლიქტების კვლევითი ცენტრი Crisis Group-ი აცხადებს, რომ ეთიოპიის შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო უპირატესობა ცოტა ხნის წინ ჩინეთისგან და თურქეთისგან უპილოტო საჰაერო აპარატების შეძენის შემდეგ შეიძინეს. ადის აბებას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს გაერთიანებული არაბული საამიროები.

„დაკავებული ტერიტორიების დატოვების შემდეგ ტიგრაის ძალები სუსტ პოზიციაში აღმოჩნდებიან“, - ამბობს Crisis Group-ის ანალიტიკოსი.

გასულ კვირას გაერომ ეთიოპიაში უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად დამოუკიდებელი კომისია გამოყო, რასაც ეთიოპიის მთავრობა ეწინააღმდეგებოდა.

 


უკვე ერთი წელია, რაც ეთიოპიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, რამაც მილიონობით ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირას მიიყვანა.

2020 წლის ნოემბერში გაჩაღებულ კონფლიქტში ერთმანეთს ეთიოპიის ცენტრალური მთავრობა და TPLF-ი დაუპირისპირდა - ეს უკანასკნელი ტიგრაის, ეთიოპიის ჩრდილო პროვინციას აკონტროლებს.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა ათასობით სამოქალაქო პირი, 400 000-მდე პირი შიმშილობს, 9,4 მილიონი კი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

გასულ თვეში, მას შემდეგ, რაც ტიგრაის ძალები დედაქალაქ ადის აბებას მიუახლოვდნენ, ეთიოპიის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ეთიოპიის პრემიერმა აბი აჰმედმა თანამოქალაქეებს „იარაღის ასხმისკენ“ და „შეიარაღებული წინააღმდეგობისკენ“ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები