ეუთო ყაზახეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს აკრიტიკებს
ყაზახეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებელმა, OSCE/ODIHR-მა, გააკრიტიკა წინასაარჩევნო კამპანია და ხმების დათვლის პროცესი.
ამის შესახებ ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე მისიის ხელმძღვანელმა, ურსულა გაჩეკმა, 21 ნოემბერს ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად ყაზახეთის მიერ აღებული ვალდებულებისა, მოქალაქეთა მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში შეზღუდულია.
გარდა ამისა, ურსულა გაჩეკმა აღნიშნა, რომ ყაზახეთში დე ფაქტო აკრძალვა მოქმედებს დამოუკიდებელი კანდიდატებისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
ჯამში, ეუთოს მისიამ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არაკონკურენტული ეწოდა.
"პლურალიზმის ნაკლებობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ არჩევნებში კონკურენციის შეფერხებაში, სიტყვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრებების ჩატარების შეზღუდვამ კი კრიტიკის სივრცე შეავიწროვა", - თქვა გაჩეკმა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ხმის დათვლის პროცედურის გაუმჭვირვალობაზე, რაც ეჭვს ბადებს ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლებაში.
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ OSCE/ODIHR-ის მისიის დასკვნას "მიკერძოებული და არაობიექტური" უწოდა.
"ანგარიში შეიცავს OSCE/ODIHR-ისთვის დამახასიათებელ სტერეოტიპულ და მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ასახავს ჩვენს ქვეყანაში შიდა ვითარების აღქმის სრულ უუნარობას.
OSCE/ODIHR-ის დამკვირვებელთა ჯგუფის და მისი ხელმძღვანელობის საქმიანობაში აშკარად იყო უნდობლობა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ განხორციელებული რეფორმების მიმართ, რომლებიც მიზნად ისახავდა ქვეყნის გარდაქმნას, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ მოწინავე საზოგადოებად გადაქცევას," - აცხადებს სამინისტრო.
ყაზახეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ შინაარსის თვალსაზრისით, OSCE/ODIHR-ის მისიის ანგარიში "მიუთითებს ყაზახეთის ხელისუფლებასთან გრძელვადიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარების სურვილის ნაკლებობაზე, რაც უდავოდ იქნება გათვალისწინებული".