ევროკავშირი და აშშ პოლონეთში რუსული გავლენის საწინააღმდეგო კომისიის შექმნას აკრიტიკებენ

პოლონეთში რუსული გავლენის გამოსაძიებლად კომისია შეიქმნა, რასაც ევროკავშირისა და აშშ-ის მწვავე კრიტიკა მოჰყვა. 30 მაისს, ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ კანონის მიღება "დიდ შეშფოთებას იწვევს."

მისი თქმით, კანონი სპეციალურ კომისიას აძლევს შესაძლებლობას, პოლონეთის მოქალაქეებს სასამართლო განხილვის გარეშე ჩამოართვას საჯარო თანამდებობაზე არჩევის უფლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა პოლონეთი გააფრთხილა, რომ კანონმა შეიძლება ხელი შეუშალოს პოლონეთში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.

"ჩვენ ვიზიარებთ მრავალი დამკვირვებლის მიერ გამოთქმულ შეშფოთებას, რომ ეს კანონი შეიძლება ოპოზიციური პოლიტიკოსების წინააღმდეგ გამოიყენონ", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

კრიტიკოსები თვლიან, რომ პოლონეთის კონსერვატიული მთავრობა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციის ლიდერის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის დისკრედიტაციას ცდილობს.

პარტია "კანონი და სამართლიანობა" დონალდ ტუსკს, პოლონეთის პრემიერ მინისტრს 2007-2014 წლებში და ახლა ოპოზიციური "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერს ადანაშაულებს, რომ ის "რუსეთის მიმართ ზედმეტად მეგობრული" იყო და რუსეთის სასარგებლო გაზის კონტრაქტები გაუფორმა.

იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო კრიტიკა და მას ახალი კანონის არასწორი ინტერპრეტაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები