ევროკავშირის სანქციებთან შეერთების გამო, ზახაროვა მოლდოვას შურისძიებით ემუქრება
მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ოთხ პაკეტთან შეერთების გამო, რუსეთი მოლდოვას შურისძიებით ემუქრება.
ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვამ მოლდოვა "მტრულ ნაბიჯებში" და "ანტირუსულ კამპანიაში" დაადანაშაულა, რომელიც მიზნად "რუსეთ-მოლდოვური ურთიერთობების სრულ განადგურებას" ისახავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ მოლდოვის მაცხოვრებლები "უმეტესად მეგობრულად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ და დაინტერესებული არიან ორმხრივი თანამშრომლობის შენარჩუნებითა და განვითარებით."
"მოლდოვური მხარის გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება. მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციას დამატებით მოგაწოდებთ," - განაცხადა მან.
გასულ კვირას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა სანქციების ოთხ პაკეტს შეუერთდა, რომლებიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში დააწესა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში მოლდოვამ განაცხადა, რომ დაუყოვნებლივ არ შეუერთდება გარკვეულ შემაკავებელ ზომებს, კერძოდ, სანქციებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
მაგრამ 2023 წლის მარტში პოპესკუმ გამოაცხადა, რომ კიშინიოვი გადააფასებს ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ.