ევროკავშირმა შესაძლოა მალე რუსებისთვის ვიზების გაცემა გაართულოს
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებების შეჩერებისთვის ემზადება. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, უკვე მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გეგმავენ მხარი დაუჭირონ სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას. შეხვედრა 30 აგვისტოს პრაღაში შედგება.
"მიუღებელია რუსი ტურისტების სეირნობა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუსეთის მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის ნორმალური, ეს მიუღებელია", - განაცხადა მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, ევროკავშირი განსაკუთრებულ ვითარებაშია, შესაბამისად, წლის ბოლომდე შესაძლოა უფრო ღრმა ცვლილებები მოხდეს რუსების მოგზაურობებთან დაკავშირებით.
თუ სავიზო რეჟიმის გამარტივება მოიხსნება, ევროკავშირში მიმავალ რუსებს მოუწევთ მეტი თანხა გადაიხადონ და დამატებითი ბიუროკრატია გაიარონ მოკლევადიანი ვიზის მისაღებად. ეს გადაწყვეტილება გაზრდის დოკუმენტების დამუშავების დროს, გაზრდის მათ რაოდენობას და ხარჯებს 35 ევროდან 80 ევრომდე.