სასამართლომ ევროკომისიის წინააღმდეგ პოლონეთის და უნგრეთის სარჩელი არ დააკმაყოფილა

 

ევროკავშირის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლონეთის და უნგრეთის სარჩელი, უკანონოდ ეცნო ევროკომისიის მიერ წევრი ქვეყნებისთვის დაფინანსების შეზღუდვის უფლება.

ე. წ. „დათქმის“ მექანიზმი, რომელიც 2020 წელს მიიღეს, ბრიუსელს საშუალებას აძლევს პოლონეთს და უნგრეთს საერთო ფონდიდან თანხებზე წვდომა შეუჩეროს ვარშავის და ბუდაპეშტის მიერ „კანონის უზენაესობის დარღვევის შემთხვევაში“.

ლუქსემბურგში მდებარე სასამართლომ დათქმის პრინციპი კანონიერად ცნო.

„[ევროკავშირის] წევრი ქვეყნები ბლოკში გაერთიანებით საერთო ღირებულებების, მათ შორის კანონის უზენაესობის პატივისცემას კისრულობენ. ევროკავშირს ამ ღირებულებების დაცვა უნდა შეეძლოს“, - ნათქვამია სასამართლოს განაჩენში.

ევროკავშირის 2021-27 წლის ბიუჯეტში, რომელზეც დათქმის მექანიზმი ვრცელდება, 1,8 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

„სასამართლოს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

განაჩენს კრიტიკულად შეხვდნენ ვარშავასა და პოლონეთში. უნგრეთის მმართველმა პარტია ფიდეშმა სასამართლოს ვერდიქტი „პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ შეაფასა.

„პოლონეთის დემოკრატიას შანტაჟისგან დაცვა სჭირდება, რომელიც ჩვენთვის თვითგანსაზღვრის უფლების წართმევას ცდილობს“, - განაცხადა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.

წლებია, რაც ბრიუსელი პოლონეთს და უნგრეთს დემოკრატიული პრინციპების დარღვევაში, სასამართლო ხელისუფლების დამორჩილებასა და მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს.

ანალიტიკოსების აზრით, ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გამოხმაურება ელის უნგრეთში, სადაც 3 აპრილს საპარლამენტო არჩევნები იმართება.

უნგრეთის მოქმედი ლიდერი ვიქტორ ორბანი, რომელიც კენჭისყრას მეოთხე ვადით აპირებს, ევროსკეპტიკური მოსაზრებებითაა ცნობილი და ბრიუსელს ეროვნული სუვერენიტეტის მიტაცებაში ადანაშაულებს.

მსგავსი სიახლეები