ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ევროპას კიევისთვის დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპას უკრაინის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდისკენ მოუწოდა.
"ეს ომი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს. და უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი", - განაცხადა მეცოლამ. მისი თქმით, ეს ნიშნავს "მეტ იარაღს უკრაინისთვის, მეტ ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას, მეტ პრაქტიკულ სოლიდარობას და მეტ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ."
"უკრაინას სჭირდება იარაღი და ევროპას შეუძლია დაეხმაროს ამ იარაღის მიწოდებით", - აცხადებს იტალიელი პოლიტიკოსი.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე საუბრისას მეცოლამ თქვა, რომ ის ამაყობს იმ მხარდაჭერით, რომელიც ევროკავშირმა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ გამოუყო, მაგრამ თვლის, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ შეუძლია მეტის გაკეთება.
გარდა ამისა, მეცოლამ მოითხოვა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გამოიძიებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს.
"უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები, რომელთა მტკიცებულებებიც გროვდება, და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მუდმივი განადგურება, საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა”, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ყველა რუსმა, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.