ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ომამდელ ნიშნულამდე შემცირდა

უჩვეულოდ თბილმა ამინდმა ხელი შეუწყო ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების ვარდნას. 2 იანვარს, TTF-ის კონტრაქტის ფასი ჰოლანდიურ გაზზე 70.30 ევრო იყო მეგავატ/საათზე. ბოლოს ევროპული გაზი ასე იაფად 2022 წლის თებერვალში გაიყიდა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებამდე.

ზოგადად, დეკემბრის დასაწყისიდან გაზის ფასი საშუალოდ განახევრდა. გასულ ზაფხულს ბუნებრივი აირი რეკორდულად გაძვირდა (345 ევრო მეგავატ/საათში). ამის მიზეზი რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა გახდა.

ევროპაში გაზის მოხმარება მაღალი ტემპერატურის გამო მცირდება. ახალი წლისთვის გერმანიაში ტემპერატურამ 20 გრადუსს გადააჭარბა. გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ყველაზე თბილი ახალი წელი დააფიქსირა, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ამინდის მონიტორინგი ხდება. ბუნებრივ აირზე ფასების შემცირებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმაც, რომ ევროპაში სულ უფრო და უფრო მეტი ენერგია იწარმოება ქარის ტურბინებიდან.

გერმანიაში გაზსაცავები ამჟამად 90%-ზე მეტით არის სავსე. გერმანიაში გაზის მარაგი უკვე მეთერთმეტე დღეა გროვდება.

მსგავსი სიახლეები