ევროპაში ნატოს ძალების მეთაურად რუსეთის სპეციალისტი, გენერალი კავოლი დაინიშნა
ევროპაში ნატოს ძალების ახალ მეთაურად გენერალი კრის კავოლი დაინიშნა. კავოლი ტოდ უოლტერსს შეცვლის, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 3 წლის განმავლობაში ეკავა.
ინფორმაციას კავოლის დანიშვნის შესახებ თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.
კავოლის დანიშვნა უკვე შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ბაიდენმაც.
ამგვარად, კავოლის მეთაურობის ქვეშ დაახლოებით 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე აღმოჩნდება, რომლებიც ევროპული კონტინენტის სხვადსახვა ბაზებზე არიან დისლოცირებულნი.
კრისტოფერ კავოლი იტალიურ-ამერიკულ ოჯახში დაიბადა - კავოლის მამა აშშ-ს არმიის ოფიცერი იყო. თავად მომავალი გენერალი რომში იზრდებოდა. აშშ-ს არმიაში სამსახური კი 1987 წელს დაიწყო.
ამ დრომდე ხელმძღვანელობდა ამერიკულ ჯარებს ევროპასა და აფრიკაში. იელის უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის კვლევებზე. თავისუფლად ფლობს რუსულ, იტალიურ და ფრანგულ ენებს.
ახალი მეთაურის დანიშვნა განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშნველოვანია უკრაინაში მიმდინარე ომისა და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო წარმომადგენლობის ზრდის ფონზე.
ცალკე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ფინეთისა და შვედეთის შესაძლო გაწევრიანება ტრანს-ატლანტიკურ ალიანსში.