ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების შეზღუდვას განიხილავს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაიწყო პროცედურა, რომლითაც შეიძლება აზერბაიჯანის უფლებამოსილება შეიზღუდოს.
"დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დაინიცირდა აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილების არსებითი შეზღუდვა, ევროსაბჭოში ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და თანამშრომლობის არარსებობის გამო. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ოთხშაბათს დებატებს გამართავს და აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს," - ნათქვამია ევროპის საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში.
პროცედურა ოფიციალურად სოციალ-დემოკრატების ჯგუფის ხელმძღვანელმა და ევროსაბჭოში გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფრანკ შვაბემ წამოიწყო. მან აზერბაიჯანი ოპოზიციის დევნაში, ყარაბაღში ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ "ზემოქმედების სხვა გზა არ არსებობს," ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის უფლებების შეზღუდვისა გარდა.
"აზერბაიჯანის დელეგაციის პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა ვერ მოინახულეს პოლიტპატიმრები და ლაჩინის დერეფანი და არ მიიწვიეს ისინი არჩევნებზე დასაკვირვებლად," - დასძინა მან.
წესით, დარბაზში 30 დეპუტატი მაინც უნდა ყოფილიყო მიმართვის მხარდასაჭერად და ასეც მოხდა. ახლა საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადაეგზავნება ანგარიშის მოსამზადებლად და ერთ-ერთ მომდევნო სესიის დღეს ევროსაბჭო გადაწყვეტს, დაუწესოს თუ არა სანქციები აზერბაიჯანს.
ეს მიმართვა იმ მიმართვის იდენტურია, რომელიც ადრე რუსეთის მიმართ გავრცელდა, მის ევროსაბჭოდან გაძევებამდე.