FBI-მ დონალდ ტრამპის სახლი გაჩხრიკა, გატეხილია სეიფი
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და სავარაუდოდ, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის, დონალდ ტრამპის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) მისი ფლორიდის რეზიდენცია გაჩხრიკა.
ტრამპის თანახმად, ჩხრეკა მოულოდნელი იყო და სამართალდამცველებმა მისი სეიფიც გატეხეს.
მისი განცხადებით, მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია "ალყაშემორტყმული, დარბეული და ოკუპირებულია", რაც ტრამპის თქმით "არასაჭირო და უადგილო" იყო, რადგანაც გამომძიებლებთან ისედაც თანამშრომლობდა.
როგორც CNN-ი იუწყება, FBI-ს ჩხრეკის ორდერი ჰქონდა. საგამოძიებო უწყება ეძებდა ტრამპის პრეზიდენტობის დროინდელ გრიფით საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებიც, შესაძლოა, ტრამპს ფლორიდის რეზიდენციაში ჰქონდა წაღებული.
თავად დონალდ ტრამპი ჩხრეკისას ნიუ-იორკში იყო.
FBI და აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ჯერჯერობით მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთებას უარობენ.