FBI-მ კალიფორნიის პოლიცია ირანის შესაძლო თავდასხმაზე გააფრთხილა - ABC News

ABC News-ის მიერ მოპოვებული საგანგებო შეტყობინების თანახმად, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტები გააფრთხილა, რომ ამერიკული იერიშების საპასუხოდ, ირანი შესაძლოა აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე დრონებით თავდასხმას გეგმავდეს.

ვითარების არსი: გამოცემის მიერ მოპოვებული FBI-ის დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის თებერვლის დასაწყისისთვის ირანი, სავარაუდოდ, გეგმავდა კალიფორნიაში მდებარე დაუზუსტებელ სამიზნეებზე თავდასხმას.

  • "ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის თებერვლის დასაწყისისთვის ირანი, სავარაუდოდ, გეგმავდა მოულოდნელ თავდასხმას უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. თავდასხმა უნდა მომხდარიყო აშშ-ის სანაპიროსთან მყოფი დაუდგენელი ხომალდიდან, კალიფორნიაში მდებარე დაუზუსტებელი სამიზნეების წინააღმდეგ - იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე იერიშებს მიიტანდა." - ნათქვამია თებერვლის ბოლოს გავრცელებულ გაფრთხილებაში.

  • "არ ვფლობთ დამატებით ინფორმაციას სავარაუდო თავდასხმის დროის, მეთოდის, სამიზნის ან შემსრულებლების შესახებ." - წერია იმავე დოკუმენტში.

აღნიშნული გაფრთხილება პოლიციისთვის სწორედ მაშინ გავრცელდა, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. 

დეტალები: მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფორმაცია ირანის შესაძლო განზრახვაზე, ABC News-ის ცნობით, ჯერ კიდევ აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებამდე იყო ცნობილი. სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნის თქმით, მიიჩნევა, რომ 12-დღიანმა ინტენსიურმა დაბომბვამ ირანს იმდენად შეუმცირა შესაძლებლობები, რომ მას ასეთი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა, სავარაუდოდ, აღარ აქვს.

  • FBI-ის ლოს-ანჯელესის ოფისის პრესსპიკერმა და თეთრმა სახლმა გამოცემასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

ამავდროულად, ABC News წერს, რომ აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლებში ბოლო თვეებში გაიზარდა შეშფოთება მექსიკური ნარკოკარტელების მიერ დრონების მზარდი გამოყენებისა და იმ შესაძლებლობის გამო, რომ აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლოა მექსიკის საზღვართან მყოფი ამერიკელი სამხედროებისა და პერსონალის წინააღმდეგ გამოიყენონ.

კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ოფისის განცხადებით, საგანგებო სიტუაციების მართვის უწყება აქტიურად მუშაობს ყველა დონის უსაფრთხოების სამსახურთან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

მსგავსი სიახლეები