FED-ის ხელმძღვანელი: აშშ-ის ეკონომიკა გარდამტეხ წერტილშია, ზრდა მალე დაჩქარდება

აშშ-ის ეკონომიკა, რომელიც ამ დროისთვის კრიზისიდან აღდგენას ცდილობს გარდამტეხ წერტილშია და სულ მალე ეკონომიკური ზრდა საგრძნობლად დაჩქარდება. ამის შესახებ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის [FED] ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა განაცხადა. FED აშშ-ისთვის ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს. 

"ჩვენ ვხვდებით, რომ ვიმყოფებით წერტილში, როდესაც ეკონომიკა გაცილებით უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით მოხდება. ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით წარმოადგენს ეკონომიკას გარდამტეხ მომენტში, რაც სწრაფი ვაქცინაციისა და მოცულობითი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტების შედეგია",- განაცხადა პაუელმა.

პაუელის თქმით, აშშ-ის ეკონომიკისთვის ძირითადი რისკი კორონავირუსის ხელახალი გავრცელება იქნება, ამიტომაც მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თუ  მოქალაქეები გააგრძელებენ სამედიცინო ნიღბის ტარებას და დაიცავენ სოციალურ დისტანციას. 

როგორც პაუელმა აღნიშნა ეკონომიკის ზოგ სექტორში ძალიან დადებითი დინამიკაა და ზოგი სექტორმა სრულად აღიდგინა კრიზისამდელი მოცულობა. პაუელის თქმით, ჯერჯერობით პრობლემებია ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც მასპინძლობას, დასვენებას და ბევრი ადამიანის თავშეყრას გულისხმობს. FED-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ-ის ეკონომიკა წლის მეორე კვარტალში მდგრად ზრდას დაიწყებს. 

პაუელის თქმით, სისტემის ექსპერტები კერძო სექტორის 6-7%-იან ზრდას პროგნოზირებენ, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იქნება. მოსალოდნელია უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება ახლანდელი 6%-დან 4%-მდე. 

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მარტში აშშ-ის ეკონომიკაში 916 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც საგრძნობლად აღემატებოდა ეკონომისტების პროგნოზებს. ამერიკელი ეკონომისტების პროგნოზით, მარტში 600 000-მდე ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ელოდებოდნენ, თუმცა შრომის ბაზარზე ვითარება გაცილებით უფრო ოპტიმისტურია. 

ეკონომისტების მოლოდინებს გადააჭარბა თებერვლის მაჩვენებლებმაც, რომლის მიხედვითაც აშშ-ში 379 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა. მოსალოდნელია, რომ პოზტიური დინამიკა ახალი ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებულ ეკონომიკის სტიმულირების გეგმას უკავშირდება, რომლის მოცულობამაც 1.9 ტრილიონი დოლარი შეადგინა. 

ყველაზე მეტი 280 000 სამუშაო ადგილი მასპინძლობისა და დასვენების სექტორში შეიქმნა, თუმცა საგრძნობი მატება შეინიშნება დამმუშავებელი წარმოებასა და ინდუსტრიულ სექტორშიც. უმაღლესი განათლების არ მქონე მოსახლეობის ნაწილში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.1%-დან 8.2%-მდე შემცირდა. 

უმუშევრობა შემცირდა ყველა ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარდა აზიური წარმომავლობის ამერიკელებისა.

 

მსგავსი სიახლეები