ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრები ჯონსონთან უთანხმოების გამო გადადგნენ
ბორის ჯონსონის მთავრობა ერთდროულად ორმა გავლენიანმა მინისტრმა, რიში სუნაკმა და საჯიდ ჯავიდმა დატოვა, მიზეზი ჯონსონთან არსებული უთანხმოებაა.
"შესაძლოა კონსერვატიული პარტია არ იყო ყოველთვის პოპულარული, მაგრამ პარტია ყოველთვის კომპეტენტურად და ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. დღეს ჩვენ ამომრჩევლისთვის არ ვართ არც კომპეტენტურები და დაკარგული გვაქვს ნდობაც",- წერს ჯავიდი განცხადებაში წასვლის შესახებ.
ჯავიდის თქმით, მას არ სჯერა, რომ ბორის ჯონსონის ლიდერობის პირობებში ვითარება შეიცვლება, სწორედ ამიტომ პრემიერმა მისი ნდობა საბოლოოდ დაკარგა.
მსგავსი განცხადება გაავრცელა რიში სუნაკმაც - "საზოგადოებას აქვს სამართლიანი მოლოდინი, რომ მთავრობა სათანადოდ, კომპეტენტურად და სერიოზულად იმოქმედებს. ვფიქრობ ამ სტანდარტებისთვის ბრძოლა ღირს, სწორედ ამიტომ მივდივარ".
არცერთ მათგანს არ დაუზუსტებია თუ კონკრეტულად რა გახდა მათი წასვლის მიზეზი, თუმცა მაღალი ალბათობით გადაწყვეტილება ბოლო დღეებში განვითარებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისს უკავშირდება.
ჯონსონის მთავრობის მორიგი კრიზისის მიზეზი ამჯერად კოლეგა პარლამენტერების სექსუალურ შევიწროებაში მხილებული დეპუტატის, კრის პინჩერის საპარლამენტო თანამდებობაზე დანიშვნა გახდა. პინჩერის მიერ კოლეგების შევიწროების ფაქტებზე ცნობები ჯერ კიდევ 2019 წელს გავრცელდა - ჯონსონი ოფისი ამბობდა, რომ პინჩერის დანიშვნის მომენტში მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
ბრიტანეთისა საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა, ლორდ მაკდონალდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჯონსონის ოფისი იტყუება და სინამდვილეში მათ იცოდნენ, რომ პინჩერი სექსუალურ შევიწროებაში იყო მხილებული.
სუნაკისა და ჯავიდის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოსულ ინტერვიუში ბორის ჯონსონმა აღიარა, რომ პინჩერის დანაშაულების შესახებ მისთვის ცნობილი იყო.
ეს ბორის ჯონსონის ირგვლივ განვითარებული პოლიტიკური სკანდალების ბოლო ტალღაა, გასულ თვეებში ჯონსონის პრემიერობას საფრთხე შეუქმნა ე.წ. Partygate-მა - უმკაცრესი შეზღუდვების პერიოდში პრემიერის ადმინისტრაციაში გამართულ თავყრილობებთან დაკავშირებით.
უფრო ვრცლად Partygate-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
6 ივნისს ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა ჯონსონის მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის გამოცხადების პროცესის ინიცირება მოახდინეს, თუმცა საკმარისი ხმების რაოდენობა ვერ მოაგროვეს.
ბორის ჯონსონის პოლიტიკურ ბიოგრაფიაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე - გაიცანით ბორისი: ცხოვრება, კარიერა და თავგადასავლები