ფინეთის არმიის მეთაური: რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ბრძოლისთვის მზად ვართ

ფინეთი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა და მზად არის რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში დაიცვას თავი. ამის შესახებ ფინეთის არმიის მეთაურმა გენერალმა, ტივო კივინენმა განაცხადა. 

კივინენის თქმით, გასულ წლებში ფინეთმა მნიშვნელოვანი სამხედრო არსენალის დაგროვება შეძლო, მაგრამ ამის მიღმა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ფინელების ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის მზაობა იქნება.

გენერლის სიტყვებს ადასტურებს მაისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებიც, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის 82% მზად არის იბრძოლოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში. 

"ჩვენ სისტემატურად ვავითარებდით ჩვენს არმიას იმ ტიპის ბრძოლისთვის, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი საცეცხლე სიმძლავრე, შესაბამისი ჯავშანტექნიკა და საჰაერო ძალები", - ამბობს გენერალი. 

კივინენი ომის მიმდინარეობასაც აფასებს და ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის "კერკეტი კაკალი აღმოჩნდა". კივინენი ფინეთის ნატოში გაწევრიანების აქტიური მხარდამჭერი იყო. 

________

1930 წლების მიწურულს საბჭოთა კავშირი თავს დაესხა ფინეთს, ომი რამდენიმე წელი გაგრძელდება. ომი საბჭოთა კავშირისთვის მძიმე დანაკარგებით დასრულდა. ომის განმავლობაში დაიღუპა 100 ათასამდე ფინელი, თუმცა ქვეყანამ სუვერენიტეტი შეინარჩუნა. 

ამ დროიდან მოყოლებული ფინეთი უბლოკო სტატუსის სახელმწიფოდ მიიჩნეოდა და არცერთი სამხედრო ალიანსის წევრი არ ყოფილა. ამის მიუხედავად ფინეთს არასდროს შეუწყვეტია არმიის განვითარება.

ამ დროისთვის ქვეყანას 280 ათასიანი რეგულარული არმია და 870 ათასიანი რეზერვისტების სისტემა აქვს. ამ დროის განმავლობაში ფინეთმა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საარტილერიო არმია ჩამოაყალიბა, ფინეთის განკარგულებაში სხვადასხვა ტიპის და გრძელ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მარაგიც. 

ქვეყანა თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს ხარჯავს, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ნატოს წევრი სახელმწიფოების უმეტესობა.

მაისში ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად გამოთქვეს, მათ გაწევრიანებას მხარს უჭერს აშშ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, თუმცა წინააღმდეგ გამოდის თურქეთი. 

რეჯეფ თაიპ ერდოღანი ფინეთისა და შვედეთისგან თურქეთის მიერ ტერორისტულად მიჩნეული ქურთული პოლიტიკური და პარამილიტარული ორგანიზაციების ღია დაგმობასა და ტერორისტებად გამოცხადებას მოითხოვს. 

ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხი მადრიდში გასამართი ნატოს სამიტის მთავარი თემა იქნება. სამიტი სტარტს მომდევნო კვირაში აიღებს. 

მსგავსი სიახლეები