ფინეთის პრეზიდენტი: ევროკავშირისგან უკრაინაზე უფრო მყისიერ რეაქციას ველოდი

 

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ რუსული სამხედრო ესკალაციის გამო უკრაინაში შექმნილ კრიზისში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა მოითხოვა.

საული ნიინისტოს თქმით, კრემლის მოთხოვნები ნატოს გაფართოების შეზღუდვის შესახებ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.

ნიინისტომ ყურადღება გაამახვილა უკრაინის კრიზისის პარალელურად ბალტიის ზღვის აუზში შექმნილ დაძაბულობაზე, რაც რუსული საზღვაო ძალების მანევრებმა გამოიწვია.

ფინეთის პირველი პირი ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მომხრეა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჯამური თავდაცვის ბიუჯეტი ჩინეთის სამხედრო დანახარჯებს უტოლდება და მნიშვნელოვნად აღემატება რუსულ ბიუჯეტს - თუმცა კავშირი სრულ თავდაცვით პოტენციალს ვერ იყენებს.

ევროკავშირის წევრი ფინეთი ნატოს რიგებში არ შედის, თუმცა აღმოსავლეთიდან მზარდი საფრთხის ფონზე სულ უფრო მეტი ფინელი განიხილავს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევით, ნატოში წევრობას ფინელების 30 %-ი უჭერს მხარს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სამხედრო ალიანსში გაერთიანებაზე ნიინისტომ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.

მსგავსი სიახლეები