ფრონტის ხაზი: 29 ივნისის 6 მთავარი ამბავი უკრაინიდან

უახლესი ამბები უკრაინაში მიმდინარე ომიდან:

  • NATO-ს ახალი წევრები: ოთხშაბათს NATO-ს ლიდერები გადაწყვეტენ, მიიწვევენ თუ არა ფინეთსა და შვედეთს უსაფრთხოების ალიანსში. თურქეთი უკვე დათანხმდა მათ მიღებას. სამშაბათს თურქეთმა, ფინეთმა და შვედეთმა ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ოთხშაბათის გადაწყვეტილების შემდეგ NATO-ს ყველა წევრის პარლამენტში რატიფიკაცია იქნება საჭირო.

  • გაეროს უშიშროების საბჭო: უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსების მიერ სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა. ზელენსკიმ მოითხოვა, რუსეთს საბჭოს მუდმივი წევრობა ჩამოერთვას. ზელენსკის თქმით, ომი ადასტურებს, რომ რუსეთი "ტერორისტული სახელმიწიფოა" და რომ ეს გაერომ "დაუყონებლივ უნდა გააფორმოს სამართლებრივად.

  • უკრაინა პირველად იყენებს HIMARS-ს: ლუჰანსკის რეგიონის რუსების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინელებმა იარაღის საწყობი დაბომბეს, რისთვისაც აშშ-ს მიერ გადაცემული HIMARS-ის სარაკეტო სისტემა გამოიყენეს. რუსებთან დაკავშირებული ანგარიშები ავრცელებენ ფოტოებს, სადაც დასავლეთში წარმოებული რაკეტის ნარჩენები ჩანს.

  • შტურმი ლისიჩანსკზე: ლისიჩანსკში ვითარება ძალზედ რთული რჩება, რამდენადაც რუსები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქზე შტურმს ცდილობენ და საამისოდ დაბომბვას უმატეს. "არაა ცენტრალური წყლის, გაზის ან ელექტროენერეგიის მიწოდება", - აცხადებს ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

  • ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელები: პრო-რუსების მიერ ტყვედ აყვანილი ერთ-ერთი ამერიკელის დედის თქმით, გამტაცებლები "მოლაპარაკებებისთვის მზად არიან". გატაცებულია უკრაინის მხარეს მებრძოლი ორი ამერიკელი. ბანი დრიუკი ამბობს, რომ მისი შვილი, ალექსანდერ ჯონ-რობერტ დრიუკი, გასულ დღეებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ესაუბრა. უცნობია, რას მოითხოვენ გამტაცებლები.

  • ამერიკული სანქციები: აშშ-მ სამშაბათს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. სანქციებს შორის მოხვდნენ ისინი, ვინც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზას ეხმარება. უკრაინაში მებრძოლი რუსული სამხედრო დანაყოფები ადამიანის უფლებათა შემლახველების სიაში მოხვდნენ, რუსული ოქროს იმპორტზე კი ახალი აკრძალვა დაწესდა.

 

მსგავსი სიახლეები