გაერო: ბრაზილიის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის უფლებები დაარღვია
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის (OHCHR) ანგარიშის თანახმად, ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს 2016 წელს დაწყებულ კორუფციის საქმეზე „სამართლიანი სასამართლოს“ უფლება დაურღვიეს.
ლუიზ ინასიო ლულა და სილვა 2017 წელს ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ცნეს დამნაშავედ და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
საქმე - რომელიც „მანქანის გარეცხვის ოპერაციის“ სახელითაა ცნობილი - ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია პეტრობრასს უკავშირდებოდა და ათეულობით პოლიტიკოსს და ბიზნესმენს მოიცავდა.
ლულამ საპყრობილე 2019 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად დატოვა, რომელმაც ყოფილი პრეზიდენტის საქმეზე განაჩენი უკანონოდ ცნო.
მსჯავრდებულის სტატუსის გამო ლულამ 2018 წლის არჩევნებში კენჭისყრა ვერ შეძლო, რომელშიც ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ჟაირ ბოლსონარუმ გაიმარჯვა.
„მაშინ, როცა ქვეყნებს აქვთ მოვალეობა, გამოიძიონ და იმოქმედონ კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ქვეყნის ყოფილ ლიდერს ეხება, ეს [საგამოძიებო] ქმედებები სამართლიანად უნდა ჩატარდეს და სამართლიანი სასამართლოს უფლება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა გაეროს კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა.
კომიტეტის დასკვნის თანახმად, საქმის მთავარი მოსამართლე სერჟუ მორო ლულას წინააღმდეგ „მიკერძოებული“ იყო.
„გამოძიების დროს, ყოფილმა მოსამართლე მორომ პროკურორს ლულას, მისი ოჯახის წევრების და ადვოკატის სატელეფონო საუბრების მოსმენის ულფება მისცა. შემდეგ მან ფარული ჩანაწერების მედიაში გავრცელების უფლება გასცა - მანამდე, სანამ ლულას ბრალს ოფიციალურად წაუყენებდნენ.
გასულ თვეში ლულას საქმეზე სასამართლომ განაჩენი გააუქმა, რის შედეგადაც მას 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.
მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით, ლულა მოქმედ პრეზიდენტ ბოლსონარუს 14 პროცენტიანი სხვაობით უსწრებს.