გაერო რუსეთის "მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლას გამოეხმაურა
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ არ უნდა გაკეთდეს ისეთი რამ, რაც საფრთხეს უქმნის საკვებზე ხელმისაწვდომობას პლანეტის მაცხოვრებლებისთვის. ასე გამოეხმაურა 29 ოქტომბერს გაეროს გენერალური მდივნის სპიკერის მოადგილემ ფარჰან ჰაკმა უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმებებიდან რუსეთის გასვლას.
"ჩვენ ვნახეთ ცნობები შეთანხმებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმის შემდეგ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს ნებისმიერი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება საფრთხეს შეუქმნას შავი ზღვის მარცვლეულს. ინიციატივა, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული ქმედება, რომელიც აშკარად დადებით გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის საკვებზე ხელმისაწვდომობაზე მთელს მსოფლიოში", - თქვა მან.
ჰაკმა აღნიშნა, რომ გაერო "ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლებასთან საუბრობს".
29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.
უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, "1+1"-ის კორესპონდენტმა ანდრეი ცაპლიენკომ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ დაზიანებულია სულ მცირე სამი რუსული ხომალდი, რომლებსაც "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტები გადაჰქონდათ, მათ შორის ფრეგატი "ადმირალ მაკაროვი". ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.