გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-სთან 23 მლრდ $-ის შეიარაღების კონტრაქტი შეაჩერა
არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა აშშ-სთან შეიარაღების შესყიდვის კონტრაქტი შეაჩერა, რომლის ღირებულება 23 მილიარდ დოლარს აღწევდა.
აბუ დაბი აცხადებს, რომ ვაშინგტონმა შესყიდული შეიარაღების „ჩინური შპიონაჟისგან“ დაცვის გარანტიები მოითხოვა.
ბაიდენის ადმინისტრაცია თვლის, რომ ჩინური ტელეკომუნიკაციების კომპანია Huawei-ს 5G ტექნოლოგია - რომელსაც საამიროებში იყენებენ - „სენსიტიური ინფორმაციის გაჟონვის“ რისკს წარმოადგენს.
სპარსეთს ყურის ნავთობით მდიდარმა ქვეყანამ 2021 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულებით ამერიკული წარმოების F-35 თვითმფრინავები, საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების და სხვა შეიარაღება შეისყიდა.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფრენკ მაკკენზიმ განაცხადა, რომ რეგიონში ამერიკის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში ჩინური ტექნოლოგიის გამოყენება შეშფოთების საგანს წარმოადგენდა.
აბუ დაბიში მიიჩნევენ, რომ Huawei-ს „ხარჯთეფექტიანობის მხრივ ბევრი ალტერნატივა არ აქვს“ და „საამიროებს აშშ-ს და ჩინეთს შორის ახალ ცივ ომში გარევა არ სურს“.
ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოკავშირესთან კონტრაქტის შესახებ უთანხმოების აღმოფხვრას შეეცდებიან. „მზად ვართ, წინ წავიწიოთ...თუ საამიროები დაინტერესებული არიან“, - თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
3 დეკემბერს საამიროებმა საფრანგეთისგან 80 “რაფალის“ ტიპის გამანადგურებლის და 12 სამხედრო ვერტმფრენის შესყიდვის შესახებ განაცხადა.