გამანადგურებელი დარტყმა – რას ნიშნავს რუსეთისთვის საერთაშორისო რეზერვების გაყინვა
ცოტა ხნის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების შესახებ განაცხადა.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირის მიერ უკვე სანქცირებული ბანკები ჩაიხსნებიან SWIFT-დან. საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო გადარიცხვების სისტემიდან გაითიშებიან ჯერ არასანქცირებული რუსული ბანკებიც.
გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს დაბლოკოს რუსი ოლიგარქების აქტივები და შეუზღუდოს მათ კაპიტალის ოპერაციები ევროპის ბაზრებზე. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გაყინოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები.
ბევრი ეკონომისტის აზრით, ეს ზომა გაცილებით უფრო მტკივნეული იქნება რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის და ეკონომიკისთვის, ვიდრე სვიფტი.
ყოფილა თუ არა პრეცედენტები
ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც დაიბლოკა მსოფლიოს 20 უმსხვილეს ეკონომიკაში შემავალი ქვეყნის ეროვნული ბანკის აქტივები.
მანამდე დასავლეთს სულ რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ბანკის აქტივები აქვს გაყინული - ირანის, ვენესუელის, სირიის და სულ ბოლოს ავღანეთის. ამ თვალსაზრისით, ეს გარკვეულ რისკებს ქმნის თავად დასავლეთის ეკონომიკისთვისაც, თუმცა ვითარება განუზომლად უფრო რთულდება რუსეთისთვის.
როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამ ზომების შემდეგ რუსეთს პრაქტიკულად ებლოკება ექსპორტისა და იმპორტის შესაძლებლობა.
რა რეზერვები აქვს რუსეთს და რა შეიძლება გაიყინოს?
2022 წლის 18 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვების ჯამური მოცულობა 643 მილიარდ დოლარს [ეს თანხა წარმოდგენილია სხვადასხვა აქტივების სახით, ასევე, სხვადასხვა ვალუტაში და მათ შორის - ოქროს რეზერვში] უტოლდებოდა.
მიმდინარე წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, 311 მილიარდი დოლარი განთავსებული იყო უცხოური ემიტენტების სხვადასხვა ფასიან ქაღალდებში. კიდევ 152 მილიარდი დოლარი განთავსებული იყო ნაღდი ფულის სახით უცხოურ ბანკებში.
132 მილიარდი დოლარი ინახება ოქროს სახით უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე. დაახლოებით 30 მილიარდი დოლარია განთავსებული საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალურ ანგარიშებზე - ეს თანხა პრაქტიკულად დაცულია დაბლოკვისგან.
რაც შეეხება ამ აქტივების სავალუტო გეოგრაფიას, ეს შემდეგნაირად გამოიყურება - ბოლო მონაცემებით [2021 წლის 30 ივნისი] დოლარში განთავსებული იყო რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების 16.4% ანუ დაახლოებით 96 მილიარდი დოლარი.
რეალურად, შესაძლოა, დოლარის წილი რუსული რეზერვების წილში ბოლო თვეებში განვითარებული მზარდი რისკების ფონზე კიდევ უფრო შემცირებულიყო.
დაახლოებით 189 მილიონი დოლარის აქტივები ნომინირებული იყო ევროებში და კიდევ 38 მილიარდი დოლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგებში.
დაახლოებით 12 მილიარდი დოლარსა და ევროში დენომინირებული აქტივები განთავსებულია რუსეთის ცენტრალური ბანკის საცავებში. კიდევ დაახლოებით 84 მილიარდი დოლარი განთავსებულა ჩინურ ანგარიშებზე, ჩინურ იუანებში.
შეჯამების სახით - რუსეთის ეროვნული რეზერვების 2/3 ანუ დაახლოებით 403 მილიარდი დოლარი განთავსებულია სხვადასხვა დასავლურ ძირითად ვალუტებში, სხვადასხვა ფორმით და ძირითადად დიდი შვიდეულის ცენტრალურ და კომერციულ ბანკებში.
დაზუსტების სახით უნდა ითქვას, რომ ეს არის რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემები, ამ დროისთვის უცნობია თუ რა აქტივების გადატანა მოასწრო რუსეთის რეგულატორმა ბოლო თვეების განმავლობაში გაზრდილი საფრთხის ფონზე.
რა შეიძლება მოხდეს?
იმ წამიდან, რა დროსაც ეს სანქციები ძალაში შევა რუსეთი დაკარგავს ამ თანხების განკარგვის შესაძლებლობას.
რეალურად რუსეთის განკარგულებაში რჩება მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, ცენტრალური ბანკის საცავებში დარჩენილი ნაღდი ფული, ჩინური ობლიგაციები და რუსეთის ტერიტორიაზევე დაცული ოქროს მარაგი.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ აქტივებიდან რუსეთისთვის შეუძლებელია რომელიმე სწრაფი განაღდება და გამოყენება - ცენტრალური ბანკის სავალუტო მარაგები უმნიშვნელოა და სავალუტო ინტერვენციების მატების მკვეთრი ზრდის ფონზე, ძალიან მალე ამოიწურება.
რაც შეეხება ჩინურ ობლიგაციებს: აქედან რუსეთს მხოლოდ ჩინური იუანის წამოღება შეუძლია, ხოლო ოქროს მარაგების განაღდება და ნაღდ ფულზე გადაცვლა სწრაფად შეუძლებელია და თანაც მისი გაყიდვა რუსეთს კვლავ მხოლოდ ჩინეთში და კვლავ მხოლოდ იუანებში შეუძლია.
ცენტრალური ბანკისთვის სანქციების დაწესება დამანგრეველი იქნება სამი მიმართულებით - უცხოური ვალუტის მარაგები, ბანკები და მომარაგების ჯაჭვები. სულ რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარის რეალურად განკარგვადი აქტივით, რეალურია, რომ ცენტრალური ბანკი ვერ მოახერხებს კურსის დაჭერას.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუბლი თავისუფალ ვარდნაში რჩება, დიდი ალბათობით მოსახლეობა შეძლებისდაგვარად ანაღდებს უცხოურ ვალუტებში ნომინირებულ დეპოზიტებს და ცდილობს ნებისმიერი მყარი დასავლური ვალუტის ყიდვას და რუბლის მოშორებას.
ბოლო მონაცემებით, რუსეთის სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში 268 მილიარდი დოლარის მოცულობის და დოლარშივე დენომინირებული დეპოზიტებია. მოსალოდნელია, რომ ამ დეპოზიტების მფლობელების დიდ ნაწილს სანქციების ამოქმედების შემდეგ თავისი თანხის განაღდება მოუნდება, ეს კი საბანკო სექტორის მდგრადობისთვის შესაძლოა დამანგრეველი აღმოჩნდეს.
მეორე მხრივ რუსეთის ხელისუფლებას შეუძლია ამ დეპოზიტების რუბლებში გადატანა, მაგრამ ამას შესაძლოა სოციალური უკმაყოფილების დიდი ტალღა მოჰყვეს.
ეს კრიზისი კიდევ უფრო დამძიმდება იმ გარემოებით, რომ რუსეთი უკვე მოკლებულია კაპიტალის ბაზრებს და არ შეეძლება სტაბილიზაციისთვის ფინანსების მოზიდვა.
რეალურად, ამგვარ ვითარებაში მთავრობას აღარ შეუძლია სოციალური ხარჯების დაფარვა - ეკონომიკური აქტორები და მომარაგების ჯაჭვის ყველა მონაწილე შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ანგარიშსწორებას დოლარში დაიწყებს. ეს ეკონომიკის ფაქტობრივ დოლარიზაციას ნიშნავს, ამ მოცემულობაში კი ეკონომიკა პრაქტიკული დამბლის მდგომარეობაშია.
გამოსავალი არ არის უცხოეთში ნაღდი ვალუტის სახით განთავსებული ფულის თვითმფრინავებით გადატანაც.
მაგალითისთვის, 2003-2008 წლებში აშშ-ის არმიამ ერაყში მხოლოდ 40 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის ჩატანა შეძლო. გამოსავალი არ არის ამ ფულის მცირე ნაწილის ჩამოტანაც - ამან პირიქით, შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს პანიკა.
ბევრი ექსპერტის აზრით სწორედ ამგვარი სანქციების მუქარას შეეძლო რუსეთის კალკულაციების შეცვლა უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით.