გასულ კვირას რუსეთის წინსვლის ტემპი ივლისის შემდეგ მინიმუმამდე შემცირდა

გასულ კვირას (30 დეკემბერი-5 იანვარი) რუსეთის არმიამ უკრაინაში 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავა, რაც გასული წლის ივლისიდან მოყოლებული საოკუპაციო არმიის წინსვლის მინიმალური მაჩვენებელია.

ამის შესახებ უკრიანული OSINT პროექტის Deep State-ის მონაცემების ანალიზი მოწმობს. 

გასულ კვირას რუსეთის ძირითადად დონეცკის ოლქის სამხრეთში უტევდა, პოკროვსკის სამხრეთით, ოჩერეტინოს ჩრდილოეთით, ასევე კურახოვეს ირგვლივ და უშუალოდ დასახლების ფარგლებში.

ამ დროისთვის კურახოვეს უდიდეს ნაწილს რუსეთის არმია აკონტროლებს, ცოტა ხნის წინ, თავდაცვის სამინისტრომ ქალაქის სრული კონტროლის შესახებ გამოაცხადა, თუმცა უკრაინული წყაროები ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ. 

შედარებისთვის, დეკემბერის ბოლო 2 კვირის განმავლობაში რუსეთის წინსვლის ტემპი 51 კვადრატულ კილომეტრსა და 61 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა.

კურსკის ოლქში გასულ კვირას ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა - უკრაინული არმია ამ დრომდე აკონტროლებს თითქმის 500 კვადრატულ კილომეტს, ხოლო კიდევ 170 კვადრატული კილომეტრი ე.წ. ნაცრისფერ ზონაშია, რომელზეც არცერთ მხარეს არ აქვს სრული კონტროლი. 

თუმცა, 5 იანვარს კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ წამოწყებული ახალი შეტევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ კურსკის უკრაინული პლაცდარმის მოცულობა მომდევნო დღეებში საგრძნობლად გაიზრდება. 

OSINT ანალიტიკოსების შეფასებით, შეტევის პირველი დღის მიწურულს უკრაინული არმიის წინსვლა 2.7 კილომეტრს უტოლდება. 

თავის მხრივ საყურადღებოა, ისიც, რომ დამოუკიდებელი რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში საოკუპაციო არმიის წინსვლის ტემპები დეკემბერშიც მკვეთრად შემცირებული იყო - საუბარია დაახლოებით 50-%-იან კლებაზე. 

რუსეთის არმიის წინსვლის ტემპი საგრძნობლად გაიზარდა აგვისტოში, რაც უკრაინის მიერ კურსკის ოლქში წამოწყებულ სამხედრო ოპერაციას დაემთხვა. 

სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, იანვრის ბოლოს უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, ხომ არ ამოწურა რუსეთის არმიის იერიშმა პოტენციალი, რომელიც 2023 წლის ოქტომრბიდან მოყოლებული გრძელდება.

მსგავსი სიახლეები