გენერალი სირსკი: რუსების გეგმა ჩავშალეთ, მათ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაშალეს დამპყრობლების გეგმები სოლედარის აღებისა და ბახმუტის 26 დეკემბრისთვის ალყაში მოქცევის შესახებ, მაგრამ რუსეთის შეტევა დონბასში გრძელდება. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
"ჩვენ მოვახერხეთ მტრის გეგმების ჩაშლა. უფრო მრავალრიცხოვანი ძალებითა და საშუალებებითაც კი, მათ [რუსმა სამხედროებმა] ვერ შეასრულეს თავიანთი დავალება - 26 დეკემბრამდე აეღოთ სოლედარი და ალყაში მოექციათ ბახმუტი." - თქვა სირსკიმ.
ამასთან, გენერალმა აღნიშნა, რომ რუსებს უარი არ უთქვამთ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლის გეგმებზე.
"მტრის ჯარების შემტევი დაჯგუფება აგრძელებს მცოცავ თავდასხმებს დონეცკის რეგიონში. ჩვენს პოზიციებზე შეტევები ახალი წლის ღამესაც და ახალი წლის პირველი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა, საომარი მოქმედებების ინტენსივობა თანდათან გაიზარდა", - თქვა სირსკიმ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტებს საკვანძო მიმართულებებზე აქვთ უპირატესობა იარაღსა და პერსონალში, მათი დანაკარგების დონე ბევრად აღემატება უკრაინელი სამხედროებისას.