გერმანელი პოლიტიკოსები უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას ითხოვენ
მას შემდეგ, რაც ბერლინმა კიევისთვის Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება გამოაცხადა, რამდენიმე გერმანელმა პოლიტიკოსმა გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა უკრაინას Leopard-ის ტანკებიც გაუგზავნოს. ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილემ, კატრინ გერინგ-ეკარდტმა Funke Mediengruppe-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ Marder-ებზე გაჩერება "არასწორი იქნება".
"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. ეს ლეოპარდის ტანკებსაც ეხება", - აღნიშნა "მწვანეთა" ფრაქციის წარმომადგენელმა.
თავისუფალი დემოკრატების (FDP) თავმჯდომარის მოადგილემ და ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერმა ვოლფგანგ კუბიცკიმ თქვა, რომ "გონივრული იქნებოდა არა მარტო Marder-ის, არამედ Leopard-ის ტანკების მიწოდებაც". მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის თავდაცვისუნარიანობის შენარჩუნება. თუმცა, ყოველი მომდევნო ნაბიჯი კიევის დასახმარებლად მჭიდროდ უნდა იყოს კოორდინირებული ნატოს პარტნიორებთან და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე დამოუკიდებლად არ უნდა იმოქმედოს.
საზოგადოებრივი აზრი
გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებამ უკრაინისთვის Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანების გადაცემაზე, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია გერმანიის მაცხოვრებლებში. Insa-ს მიერ გაზეთ Bild am Sonntag-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოქალაქეების 49% ამ გადაწყვეტილებას უფრო არასწორად თვლის, ხოლო 40% უფრო სწორად, 11% ან გადაუწყვეტელია ან პასუხზე უარს აცხადებს.
კითხვაზე, უნდა მიაწოდოს თუ არა გერმანიამ უკრაინას Leopard-ის ტანკები, გამოკითხულთა 50%-მა უარყოფითად უპასუხა, 38%-მა კი მხარი დაუჭირა.
საზოგადოებრივი აზრის კვლევაში, რომელიც 6 იანვარს ჩატარდა, გერმანიის 1001 მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა.