გერმანია ისრაელისთვის სატანკო ჭურვების მიწოდებას გეგმავს - Spiegel

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დაამტკიცა 120 მმ-იანი სატანკო ჭურვების ისრაელისთვის მიწოდება.

ეს ინფორმაცია გაზეთ Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი.

ისრაელმა გერმანიას ჯერ კიდევ ნოემბერში გაუგზავნა მოთხოვნა სამხედრო კონცერნ Rheinmetall-ის მიერ წარმოებული 10 ათასი სატანკო ჭურვის მიწოდების შესახებ. ამ საკითხს გერმანიის მთავრობა უმკაცრესად კონფიდენციალურად განიხილავდა.

ახლა გერმანული მხარე მოთხოვნის განხორციელების გზებზე მუშაობს. იმის გამო, რომ ინდუსტრიას არ შეუძლია სწრაფად აწარმოოს ამდენი ჭურვი, განიხილება ვარიანტი, რომ ბუნდესვერმა ჭურვები საკუთარი საცავებიდან გაგზავნოს.

გამოცემის ცნობით, გერმანიის ფედერალური თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულად ფრთხილობს, რომ ამგვარმა დახმარებამ ზიანი არ მიაყენოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და არ შეამციროს გერმანიის თავდაცვისუნარიანობა.

თუ მოთხოვნა დამტკიცდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გერმანია ისრაელს ჰამასთან ომისას ლეტალურ იარაღს მიაწვდის.

2023 წლის ოქტომბერში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ბერლინი ისრაელს მხოლოდ არასაბრძოლო დახმარებას, პირველ რიგში სამედიცინო და დამცავ აღჭურვილობას აწვდიდა.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბარბოკმა ახლო აღმოსავლეთში ომის მე-100 დღეს იმედი გამოთქვა, რომ ჰამასის მიერ დატყვევებული ყველა მძევალი გათავისუფლდება.

მსგავსი სიახლეები