გერმანია თხევადი გაზის ტერმინალების მოსაწყობად 3 მლრდ ევროს გამოყოფს
გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალების მოსაწყობად 3 მილიარდ ევროს დახარჯავს, აცხადებს ფედერალური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო.
ოთხი ახალი ტერმინალი ევროპის ყველაზე მსხვილ ეკონომიკას თხევადი გაზის იმპორტის გაზრდის და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების საშუალებას მისცემს.
გერმანული ენერგოკომპანია RWE აცხადებს, რომ ტერმინალები პირველი ტანკერების მიღებას ზამთარში შეძლებენ.
ტერმინალების სავარაუდო ადგილმდებარეობად ვილჰელმსჰავენის, ბრუნსბიუტელის და როსტოკის პორტები განიხილავს.
22 თებერვალს ბერლინმა Nord Stream 2-ის გაზსადენის ლიცენზია შეაჩერა, რომელიც რუსეთს გერმანიისთვის ბუნებრივი აირის ტრანზიტის გარეშე მიწოდების საშუალებას მისცემდა.
რუსეთზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფონზე ევროკავშირის ქვეყნები მოსკოვისთვის ენერგეტიკული ემბარგოს გამოცხადებას განიხილავენ.
გერმანია, რომელიც მოხმარებული გაზის 40 პროცენტს რუსეთიდან იღებს, რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის შეზღუდვას ეწინააღმდეგება, თუმცა ექსპორტიორების ბაზრის გამრავალფეროვნების საჭიროებას აღიარებს.
20 მარტს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტისას გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა კატართან თხევადი გაზის შესყიდვის შესახებ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.
კატარი თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.
ცოტა ხნის წინ ევროპაში თხევადი გაზის მიწოდის მნიშვნელოვნად ზრდის შესახებ განაცხადა აშშ-მაც.
გერმანიის მთავრობა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას 2024 წლისთვის გეგმავს.
ევროპული კვლევითი ცენტრი Bruegel-ის ანგარიშით, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს შესყიდული გაზისთვის 450 მილიონ ევრომდე უხდიან.