გერმანიამ ხანგოშვილის მკვლელობის გამო რუსი დიპლომატები გააძევა

 

გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა მას შემდეგ, რაც ბერლინის სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული პირი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბეარბოკმა 2019 წელს ბერლინში ხანგოშვილის „შეკვეთილ“ მკვლელობას - რომლის უკან რუსეთი დგას - „გერმანიის კანონმდებლობის და ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევა“ უწოდა.

გუშინ ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის (თორნიკე ქავთარაშვილი) მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 56 წლის ვადიმ კრასიკოვს.

„მკვლელობის ავტორი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაა, საქმე სახელმწიფო ტერორიზმთან გვაქვს“, - განაცხადა მოსამართლე ოლაფ არნოლდიმ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბერლინში დაიბარეს გერმანიაში რუსეთის ელჩი.

„ნათელია, რომ ეს მკვლელობა ჩვენს [რუსეთ-გერმანიის] ურთიერთობაზე მძიმედ აისახება. გერმანიის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში უსაფრთხოების დასაცავად“, - ამბობს ბეარბოკი.

ელჩმა სერგეი ნეჩაიევმა სასამართლოს ვერდიქტს „არამეგობრული აქტი“ უწოდა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია "უპასუხოდ არ დატოვებს“.

ხანგოშვილზე თავდასხმა მანამდე საქართველოშიც მოხდა, რის შემდეგაც თავშესაფრის საძიებლად 2016 წელს იგი ჯერ უკრაინაში, შემდეგ გერმანიაში გადავიდა.

მსგავსი სიახლეები