გერმანიის ფინანსთა მინისტრი: რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებული აღარ ვართ
გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ეს განცხადება გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ქრისტიან ლინდნერმა BBC-სთან ინტერვიუში 19 იანვარს გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანიამ მთლიანად შეძლო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაცია და ენერგიის ახალი წყაროების პოვნა.
"დიახ, რა თქმა უნდა, გერმანია კვლავ არის დამოკიდებული ენერგიის იმპორტზე, მაგრამ არა რუსეთიდან იმპორტზე, არამედ მსოფლიო ბაზრებზეა დამოკიდებული", - აღნიშნა ლინდნერმა.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის ფარგლებში, გერმანიის ხელისუფლებამ განაახლა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების მუშაობა, გადადო ქვეყანაში დარჩენილი სამი ატომური ელექტროსადგურის დახურვა, გაზარდა არარუსული გაზის იმპორტი და შექმნა საწვავის დამატებითი საცავი.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ლინდნერმა ხაზი გაუსვა თხევადი გაზის ტერმინალის რეკორდულ დროში მშენებლობას. "ეს გერმანიის პოლიტიკის უზარმაზარი ცვლილების მხოლოდ ერთი მაგალითია", - განაცხადა მინისტრმა.
"ჩვენ მივხვდით, რომ კანცლერ მერკელის ეპოქის შემდეგ კონკურენტუნარიანობა უნდა გავზარდოთ. ეს ეპოქა წარსულის ძლიერ მხარეებზე იყო ორიენტირებული და ახლა ჩვენ მომავლის ძლიერ მხარეებს ვავითარებთ." - თქვა კრისტიან ლინდნერმა.
კონტექსტი
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე გერმანია რუსეთიდან ბუნებრივი აირის 55%-ს, ქვანახშირის ნახევარს და ნედლი ნავთობის 35%-ს იღებდა.
ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოაცხადა, რომ გერმანიაში თხევადი ბუნებრივი აირის ორი ტერმინალი აშენდებოდა. ამ დროისთვის გერმანია იყო ევროკავშირის ერთადერთი დიდი ქვეყანა, რომელსაც თხევადი გაზის მიმღები ინფრასტრუქტურა მის ტერიტორიაზე არ გააჩნდა, რადგან ის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსულ მილსადენების გაზზე.
2022 წლის დეკემბერში, გერმანიაში, ჩრდილოეთ ზღვაზე მდებარე ვილჰელმშავენის პორტში პირველი ასეთი ტერმინალი ამოქმედდა. ერთი თვის შემდეგ, აღმოსავლეთ გერმანიაში, ლუბმინში, ოფიციალურად გაიხსნა თხევადი გაზის რეგაზიფიკაციის მეორე გერმანული მცურავი ქარხანა.