გერმანული ულტრამემარჯვენე პარტია AfD ევროპარლამენტის ჯგუფიდან გარიცხეს
ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ცხრა წევრი ხუთშაბათს გარიცხეს ევროპარლამენტის ევროსკეპტიკური პოლიტიკური ჯგუფიდან "იდენტობა და დემოკრატია" (ID).
ID-მ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ გერმანიის დელეგაცია "მყისიერი ეფექტით" გაირიცხა.
"ID-ს ჯგუფს აღარ სურს იყოს დაკავშირებული ინციდენტებთან, რომელშიც მონაწილეობს მაქსიმილიან კრაჰი, AfD-ს სიის ლიდერი ევროპულ არჩევნებში," - ნათქვამია განცხადებაში.
AfD-ის ლიდერებმა, ალისა ვეიდელმა და ტინო ხრუპალამ განაცხადეს, რომ პარტიამ "გაითვალისწინა" ID-ის გადაწყვეტილება, მაგრამ ოპტიმისტურადაა განწყობილი არჩევნების მიმართ.
"AfD, რა თქმა უნდა, შეეცდება ჰყავდეს ძლიერი ჯგუფი ევროპარლამენტში, გაზრდილი დელეგაციით," - განაცხადეს მათ. "ბრიუსელში პოლიტიკური ზეგავლენის მოსახდენად აუცილებელია მხარეებთან თანამშრომლობა. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალ მოწვევაში გვერდით სანდო პარტნიორები გვეყოლება."
გუშინ AfD-მ მაქსიმილიან კრაჰს, მის პირველ ნომერს არჩევნებზე, კამპანიაში მონაწილეობა აუკრძალა. მან შემდგომში შიდაპარტიული ზეწოლის შედეგად ლიდერის თანამდებობა დატოვა.
კრაჰმა ცოტა ხნის წინ იტალიურ გაზეთს განუცხადა, რომ ნაცისტების SS-ის დანაყოფის ყველა წევრი ომის დამნაშავე არ იყო.
კრაჰმა X-ზე დაწერა, რომ მისი განცხადებები "არასწორად გამოიყენებოდა" იმ მხარის დასაზიანებლად, რომელსაც ახლა "ერთობა" ესაჭიროება.
"ამ მიზეზის გამო, მე თავს შევიკავებ წინასაარჩევნო კამპანიაში შემდგომი გამოჩენისგან და დავტოვებ ფედერალური აღმასრულებელი საბჭოს წევრის თანამდებობას თანამდებობას," - თქვა მან.
საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ულტრამემარჯვენე პარტიას გერმანიაში მეორე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა, თუმცა ეს სკანდალი მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
ამასთანავე, გერმანული მედია ამტკიცებს, რომ კრაჰს კავშირები ჰქონდა ჩინეთთან და რუსეთთან. მისმა კოლეგამ, AfD-ს ლიდერმა პეტრ ბისტრონმა, წინა თვეში უარყო ჩეხურ გაზეთში ბრალდებები იმის შესახებ, რომ მან შესაძლოა ფული მიიღო პრორუსული ქსელისგან.