"მოსკოვი კომპლიმენტებს გვიძღვნის" - გოჩა ჯავახიშვილის ინტერვიუ Le Monde-თან
ფრანგული გამოცემა Le Monde გოჩა ჯავახიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომლის თარგმანსაც უცვლელად გთავაზობთ.
საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა, 9 მაისს გადადგომის შესახებ განაცხადა, რადგან საქართველოს პარლამენტში ისევ განიხილება საკამათო კანონპროექტი "უცხოური გავლენის შესახებ," რომლის მიღებასაც ათასობით ქართველი, თითქმის ერთი თვეა, რაც აპროტესტებს.
ის პირველი ქართველი თანამდებობის პირია, ვინც პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა.
Le Monde-თან ინტერვიუში 57 წლის დიპლომატი, რომელიც არასოდეს ყოფილა რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი, ამბობს, რომ ის მოქმედებდა საკუთარი "პატივის" დასაცავად და თავის მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს ეს კანონპროექტი, რომელიც რუსული კანონის მიხედვით დაიწერა და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებას, ამასთანავე, საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას.
რატომ გადაწყვიტეთ თანამდებობის დატოვება?
პრინციპისა და ღირსების საკითხია. მოვუწოდებ, ეს კანონპროექტი გაიწვიონ. არ მინდა პოლიტიკურ დებატებში მოხვედრა და ოპოზიციაში ქულების დაწერა - მე ვარ საჯარო მოხელე და არ მაქვს სიმპათიები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ. ვამაყობ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების დინამიურობით და "უცხო ქვეყნის აგენტად" გამოცხადება, მათ შესაძლებლობებს შეამცირებს.
2023 წლის მარტში, მე უკვე გამოვთქვი ჩემი უთანხმოება, როდესაც კანონპროექტი პირველად წარადგინეს. მოსახლეობის პროტესტის გამო, მთავრობამ ის უკან გაიწვია.
კანონპროექტის დაბრუნებასთან ერთად, ძალიან არასასიამოვნო სიტუაციაში აღმოვჩნდი, განსაკუთრებით ჩემს თანამოსაუბრეებთან, ელისეისა და ორსეზე, რომელთაც განვუცხადე, რომ კანონპროექტი სამუდამოდ იყო უკან გაწვეული.
გარდა ამისა, გამიჭირდება არგუმენტების მოძიება, რომ ავუხსნა, რატომ დაბრუნდა ეს ინიციატივა დღეს. ეს მდგომარეობა აღარ მაძლევდა საშუალებას, ჩემი ქვეყნის ევროპული გზავნილი გადმომეცა. თვალთმაქცობის მეშინოდა, ამიტომაც, ჩემი ვალდებულების შესრულების გაგრძელება ვერ წარმომედგინა.
17 აპრილს [როდესაც კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს] დავწერე განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მაგრამ, რადგან მე პრეზიდენტის [სალომე ზურაბიშვილის] მიერ ვარ დანიშნული, მან ხელი უნდა მოაწეროს. ეს ძალიან მალე უნდა მოხდეს. ალბათ, ჩემი წასვლა პაუზას მისცემს მათ, ვინც მხარს უჭერს ამ კანონის მიღებას.
ხომ არ იცით საქართველოს სხვა წარმომადგენლებიც აპირებენ გადადგომას?
მე არ მილაპარაკია კოლეგებთან, მაგრამ მათი უმრავლესობა ღრმად პროევროპულია. არ გამოვრიცხავ, რომ ჩემ მაგალითს მიბაძონ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი მიზანი. ყველა, საკუთარი სინდისის მიხედვით იმოქმედებს.
რაღაც პერიოდი ვიცდიდი. ჩემს თავს ვეუბნებოდი: "ისინი მოისმენენ ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციებს და გადაიფიქრებენ." თუმცა, როდესაც მე ვახლდი ფრანგი სენატორების დელეგაციას საქართველოში და ლიდერებმა მათ უთხრეს, რომ ეს იყო "უწყინარი" კანონი, რომელიც "უცხოელების ჩარევისგან" დაგვიცავდა, ვიგრძენი, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ ამ კანონის მიღება.
დიდად ოპტიმისტი არ ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მაინც შეცვლიან ან გაიწვევენ.
რატომ გადაწყვიტა მთავრობამ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება?
გაუგებარია. რა ინტერესი აქვთ მაშინ, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მოიპოვა? ფრაგმენტირებული ოპოზიციის ფონზე, ხელისუფლებას არ ჰქონდა მორიგი საპარლამენტო არჩევნების [ოქტომბერში დაგეგმილი] მოგების პრობლემა. ისინი აგრძელებენ იმის თქმას, რომ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ როგორ იქნება ეს შესაძლებელი, ასეთი კანონით და ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებების მიუხედავად?
დღეს, ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი კომპლიმენტებს გვიძღვნის. ეს ჩემთვის აუტანელია. ჩემმა ქვეყანამ რუსეთისგან უდიდესი ზიანი მიიღო. არ მესმის, როგორ შეიძლება ვიმეგობროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული [2008 წლის ომის შემდეგ].
თუმცა, არ მგონია, რომ ეს ხელისუფლება პრორუსულია, იმ დონემდე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი რუსეთის ხელში ჩააგდოს - ჩემი გადადგომა ამას არ უკავშირდება. ის ზედმეტად ფრთხილად მოქმედებს მოსკოვის მიმართ, ეს იმიტომ ხდება, რომ საქართველოში ომის ძალიან ძლიერი შიშია. ეს არის სტრატეგიული წინდახედულება, რომელიც მთავრობის აზრით, საშუალებას იძლევა, დაიცვას მშვიდობა და ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკა. მოსახლეობა კვლავ ტრავმირებულია, რუსეთთან 2008 წლის ომით, რომლის ჯარებიც თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრში დგანან.
მთავრობა აცხადებს, რომ სურს შეინარჩუნოს მშვიდობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. მაგრამ, რის ფასად?
რის გაკეთებას აპირებთ ახლა?
არ ვიცი. ჩემი გადაწყვეტილება იმდენად სპონტანური იყო, რომ ჯერ არ მიფიქრია. მაგრამ, მე გავაგრძელებ ყველაფერს ჩემს დონეზე იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული ოცნება ახდეს. თავდაჯერებული ევროპელი ვარ. წლების განმავლობაში ვასწავლიდი ევროინტეგრაციის ისტორიას და ევროკავშირის ინსტიტუტებს. ევროკავშირში გაწევრიანება ჩემი და მთელი ქართველი ხალხის ოცნებაა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ სიხარულით და სიამაყით ამავსო.
მე ვიყავი დიპლომატიური სამსახურის მრჩეველი მიხეილ სააკაშვილის [საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის] პრეზიდენტობისას, 2008 წლის რუსეთთან ომის დროს. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე, ნიკოლა სარკოზის ვახლდი თან. ხალხი ყვიროდა: "დაეხმარეთ, თორემ რუსეთი არ გაჩერდება და უკრაინა იქნება შემდეგი მსხვერპლი." მაგრამ ჩვენ 2008 წელს მარტო ვიყავით. ევროპამ არ უნდა მიატოვოს საქართველო, რადგან ის შეიძლება კიდევ ერთი უკრაინა გახდეს.