გუშინ უკრაინის ავიაციამ რუსების 11 პოზიცია დაბომბა

რუსმა დამპყრობლებმა დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტზე სცადეს შეტევა, მათი თავდასხმები უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს. ამის შესახებ ინფორმაციას 6 ოქტომბერს ფეისბუქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"მტერი ცდილობს გაამაგროს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, ძალისხმევას ამახვილებს გარკვეული მიმართულებებით თავდაცვითი ძალების აქტიური მოქმედებების ჩაშლის მცდელობაზე, არ წყვეტს შეტევითი ოპერაციების წარმოებას ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს მტრის თავდასხმები სოლედარის, ბახმუტსკოეს, იაკოვლევკას, ოტრადოვკას, ზაიცევოს, ბახმუტის, კრასნოროვკას, პობედას, ვოდიანოიეს და ლიუბომიროვკას დასახლებებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ მტერი გარკვეულ რაიონებში აჯგუფებს დანაყოფებს და უკრაინის შეიარაღებული ძალები მათ ბომბავენ.

"თავდაცვის ძალების ავიაციამ დღის განმავლობაში 11 დარტყმა განახორციელა მტრის ობიექტებზე. დადასტურდა ერთი გამაგრებული პუნქტის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ხუთი უბნის, ასევე მტრის ხუთი საზენიტო-სარაკეტო სისტემის განადგურება", - წერს უკრაინული მხარე.  

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა აღნიშნა, რომ სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყეს ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის კონცენტრაციის 19 უბანს, საბრძოლო მასალის ორ საცავსა და 6 საარტილერიო მოწყობილობას.

მსგავსი სიახლეები