ჰუსიტებთან შეტაკების შემდეგ საუდის არაბეთი არმიის საბრძოლო მზაობის დონეს ზრდის

იემენელ ჰუსიტებთან შეტაკებების შემდეგ საუდის არაბეთმა არმიის საბრძოლო მზაობის დონე გაზარდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გასულ კვირას იემენთან მოსაზღვრე ჯაზიანის პროვინციაში ჰუსიტებთან შეტაკებების შედეგად მოკლულია 4 საუდიელი ჯარისკაცი. გასულ კვირასვე საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს. 

წყაროს ცნობით არმიის საბრძოლო მზაობის დონის გაზრდის პროტოკოლები იემენიდან რაკეტების გაშვების შემდეგ საუდის არაბეთის ყველა საჯარისო ფორმირებაში ამოქმედდა. 

კონტექსტი

ეს გასული წლის აპრილის შემდეგ ჰუსიტებთან შეტაკებებში საუდიელი ჯარისკაცების დაღუპვის პირველი შემთხვევა - 2022 წლის აპრილში საუდის არაბეთმა ჰუსიტებთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მიაღწია. 

მიმდინარე ესკალაციამდე მხარეები გამოთქვამდნენ მზაობას ცეცხლის შეწყვეტის უფრო ხანგრძლივი შეთანხმებისთვის. 

ჰამას-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტების ლიდერი აბდელ-მალეკ ალ-ჰუსი ამბობდა, რომ კონფლიქტში აშშ-ს პირდაპირი ჩართვის შემთხვევაში მისი დაჯგუფება გვერდით არ გადგებოდა. ალ-ჰუსის თქმით, მათი პასუხი კოორდინირებული იქნებოდა რეგიონში მოქმედ სხვა ირანულ მარიონეტებთან. 

19 ოქტომბერს წითელ ზღვაში მდგომმა ამერიკულმა გემმა იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული 3 რაკეტა ჩამოაგდო. 

იემენში პოლიტიკური არეულობა 2011 წელს არაბული გაზაფხულის დროს დაიწყო. საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაემხო ალი აბდულა სალეჰის მთავრობა, ხოლო აქედან 3 წლის შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო. 

2014 წელს ჰუსიტების შიიტურმა დაჯგუფებამ დედაქალაქი სანა დაიკავა, ხოლო მომდევნო წელს თავი ახალ ხელისუფლებად გამოაცხადა. სამხრეთ იემენში დაბანაკებული სუნიტური ძალები არ ცნობენ ჰუსიტების ხელისუფლებას. 

2015 წელს საუდის არაბეთმა ყურის სხვა სახელმწიფოებთან ერთად ანტი-ჰუსიტური სამხედრო კოალიაციის შექმნა გამოაცხადა - მასირებული საჰაერო დარტყმებისა და სახმელეთო ძალების შეჭრის მიუხედავად ირანის მიერ მხარდაჭერილი და დაფინანსებული ჰუსიტები ამ დრომდე ქვეყნის დიდ ნაწილს აკონტროლებენ. 

მსგავსი სიახლეები