იაპონია ევროპისთვის თხევადი გაზით მომარაგების გაზიარებას დათანხმდა
ევროპისთვის რუსული გაზის მიწოდების შეფერხების შემთხვევაში იაპონია ევროპელებისთვის თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების გაზიარებას დათანხმდა.
იაპონია მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია.
ტოკიო რამდენიმე ტანკერის, რომელთაგან თითო 70 000 ტონა თხევადი გაზითაა დატვირთული, ევროპისკენ გადამისამართებას დათანხმდა.
იაპონიას და ევროკავშირს შორის შუამავლობა ამერიკამ გასწია. „ევროპისთვის დახმარებით ვაშინგტონმა და ტოკიომ აჩვენეს, რომ უკრაინაში რუსული აგრესიის შესაკავებლად და საზიარო ღირებულებების დასაცავად მუშაობენ“, - განაცხადა იაპონიაში აშშ-ს ელჩმა რამ ემანუელმა.
იაპონიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა პატრისია ფლორმა ტოკიოს მადლობა გადაუხადა და სოლიდარობის ჟესტი „ხანგრძლივი თანამშრომლობის“ დასტურად შეაფასა.
„იაპონია, რომელიც გაზის იმპორტიორი და მომხმარებელია, ამგვარი ნაბიჯის გადადგმას პირველად დათანხმდა“, - განაცხადეს იაპონიის ვაჭრობის სამინისტროში.
უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის განახლების ფონზე ევროპულ კავშირში, რომელიც მოხმარებული გაზის 40 %-ს რუსეთიდან იღებს, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესებაზე ფიქრობენ.
ევროპაში რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემსუბუქების ერთ-ერთ გზად LNG-ს მიწოდების გაზრდას ისახავენ.
ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თხევადი გაზის სიდიდით მეორე ექსპორტიორი ქვეყნის, კატარის ემირს შეხვდა და ევროპისთვის ენერგომომარაგების გაზრდაზე მოელაპარაკა.