იემენის დევნილი პრეზიდენტი გადადგა
იემენის პრეზიდენტი, რომელიც 2015 წლიდან საუდის არაბეთში იმყოფება, თანამდებობიდან გადადგა და ძალაუფლება საპრეზიდენტო საბჭოს გადასცა.
საბჭოს, რომელსაც თავჯდომარე და შვიდი წევრი ჰყავს, ყოფილი პრეზიდენტი ალი აბდალა სალეჰის მთავრობის წევრი, რაშად ალ-ალიმი უხელმძღვანელებს.
აბდ-რაბუ მანსურ ჰადიმ გადაწყვეტილება ერ-რიადში მიმდინარე სამშვიდობო მოლარაკებების ფონზე მიიღო, რომელიც მიზნად იემენში სამოქალაქო ომის დასრულებას ისახავს.
მოლაპარაკებებს ბოიკოტს უცხადებს კონფლიქტის მთავარი მხარე - აჯანყებული ჰუსიტები.
საპრეზიდენტო საბჭო „გარდამავალ პერიოდში“ ხელში სამხედრო და პოლიტიკურ ძალაუფლებას აიღებს, ნათქვამია იემენის მთავრობის განცხადებაში.
საბჭოს მჭიდრო კავშირი აქვს საუდის არაბეთთან, რომელიც 2015 წლის შემდეგ იემენში სამხედრო კამპანიას ახორციელებს.
აბდ-რაბუ მანსურ ჰადი იემენის პრეზიდენტად 2012 წელს, არაბული გაზაფხულის ტალღის შემდეგ აირჩიეს, როცა ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ ალი აბდალა სალეჰს გადადგომა მოუწია.
2014 წელს შიიტური მიმდინარეობის ჰუსიტებმა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს და მალე დედაქალაქი სანა დაიკავეს.
ჰადიმ მთავრობასთან ერთად საუდის არაბეთს შეაფარა თავი.
ჰუსიტები, რომლებიც იემენის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, საუდის არაბეთის რეგიონული მეტოქე - ირანის - მხარდაჭერით სარგებლობენ.
გასულ შაბათს გაეროს შუამავლობით იემენში დროებითი ზავი ამოქმედდა, რომელიც 2016 წლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის პირველ შემთხვევას წარმოადგენს.